ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მინაშვილი: ივანიშვილი წავა უფრო მალე, ვიდრე ეს ჰგონიათ მის პაიკებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქობულეთში ენმ-ის წევრის რევაზ ხარაზის დაკავება შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია. საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის თქმით, ქართული ოცნების მეთოდები ხელისუფლების სისუსტეს ნიშნავს. მისი შეფასებით, ამ ხელისუფლებას მომავალი არ აქვს.

"რევაზ ხარაზი დააკავეს იმიტომ, რომ გააპროტესტა მისი ერთ-ერთი თანაგუნდელისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა. სოლომონ ბაჯელიძეს კი იმიტომ შეუჩერეს მართვის მოწმობა, რომ თითქოს მან შეაფერხა არჩილ ხაბაძის ესკორტი. თავად ხაბაძის ესკორტი მოძრაობდა მოძრაობის წესების დარღვევით, ბაჯელიძემ გაატარა მოქალაქე გადასასვლელზე და ვერ დაუთმო გზა ხაბაძის ესკორტს. ეს თავისთავად არის თავხედობა, როდესაც ფუფუნებაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები თავხედურად აჯარიმებენ, სანქციებს იყენებენ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც წესების დაცვით მოძრაობენ. ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითი, რომელსაც ქართული ოცნება იყენებს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ამ ტიპის ძალადობა არის ამ ხელისუფლების სისუსტე, ის, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს ლეგიტიმაცია, აღარ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში გააჩერა სახელმწიფო, გააღარიბა მოსახლეობა, ჩამოშალა ქართული ეკონომიკა, უსაფრთხოება, ზიანი მიაყენა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასეთ ხელისუფლებას მომავალი არ აქვს, ასეთ ხელისუფლებას საზოგადოებამ განაჩენი გამოუტანა. რაც არ უნდა ძალადობა და უკანონობა გამოიყენოს საქართველოს მოქალაქეების და პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ, ამის მაგალითები გვქონდა ამ დღეებში, როდესაც სამი პატრიოტი, საქართველოსთვის მზრუნველი დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მისცეს. ასევე, როდესაც რევაზ ხარაზი დააკავეს და დღემდე არავინ არ იცის, რის საფუძველზე დააკავეს, ადმინისტრაციულია თუ სისხლის სამართლის. ის, რომ ხელისუფლება იყენებს ამ მეთოდებს, ნიშნავს იმას, რომ მას აღარ აქვს მხარდაჭერა, აღარ აქვს ლეგიტიმაცია და ეს ხელისუფლება არის დასრულებული. უბრალოდ, დარჩა გარკვეული პერიოდი, რომ მოხდეს ამ დასრულების გაფორმება. მინდა დავარწმუნო ყველა, მათ შორის, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს გამოკეტილია თავის შუშის კოლბაში, ის წავა უფრო მალე, ვიდრე ეს ჰგონიათ მის პაიკებს და ხელის ბიჭებს, რომლებიც იმყოფებიან ხელისუფლებაში", - თქვა მინაშვილმა.

კომენტარები