ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილების სისტემების სტატისტიკა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით, ყოველთვიურად საშუალოდ $90 მილიონი შემოდის. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. იმის გამო, რომ ყველაზე მეტი ქართველი დღეისთვის რუსეთის ფედერაციაში მუშაობს, ფულადი გზავნილების სისტემებშიც პირველი ადგილი წელს რუსულ Zolotaya Korona-ს უკავია. მეორე ადგილზე საერთაშორისო გადარიცხვების სისტემა Western Union-ია.

ფულადი გზავნილების მოცულობა 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში გადარიცხვათა სისტემების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  1. Zolotaya Korona - $138 მილიონი
  2. Western Union - $107 მილიონი
  3. Intel Express - $84 მილიონი
  4. Unistream - $72 მილიონი
  5. Money Gram - $63 მილიონი
  6. სხვა სისტემები ჯამში - $166 მილიონი

საქართველოდან უცხოეთში კი ყოველთვიურად დაახლოებით $12 მილიონის მოცულობის გზავნილები ხორციელდება, აქაც პირველ ადგილზე რუსული Zolotaya Korona იმყოფება, მეორე ადგილზე კი Western Union-ია. 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში გადარიცხული თანხების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:

  1. Zolotaya Korona - $35 მილიონი
  2. Western Union - $24 მილიონი
  3. Money Gram - $8.54 მილიონი
  4. Unistream - $8.5 მილიონი
  5. Intel Express - $8.4 მილიონი
  6. სხვა სისტემები ჯამში - $12.6 მილიონი

საქართველოს ეკონომიკა ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც ის ექსპორტთან, ტურიზმთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. 2015 წელს რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში ფინანსური პრობლემები შეიქმნა, რის გამოც ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 25%-ით შემცირდა. 

 

კომენტარები