აღდგენითი სამუშაოები

ვერეს ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ობიექტი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები  და დანგრეული ტროტუარები,  მოხდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მზიურის მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, აშენდება ხიდი.

„სტიქიიდან ერთ კვირაში დავიწყეთ დაზიანებულ ზონებში საყრდენი კედლების მოწყობა,  ახლა კი ყველაზე რთული მონაკვეთის აღდგენა-მშენებლობა. მზიურის მოპირდაპირე მხარეს, გვირაბის ნაცვლად, იქნება სახიდე გადასასვლელი, რაც უფრო უსაფრთხო იქნება. მდინარე ვერე თავისუფლად იქნება ხიდის ქვეშ და მისი შესაძლო ადიდების შემთხვევაში, საფრთხე აღარ იარსებებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები ბლექ სი გრუპი და კავკასუს როუდ პროჯექტი აწარმოებენ. პროექტის  ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე სამუშაოების დაწყებამდე სტიქიის ზონაში საყრდენი ნაგებობების მშენებლობა დაიწყო. საყრდენი კედელი უკვე მოეწყო ჭავჭავაძის #83-ის მიმდებარედ. მუშავდება პროექტი წყნეთის საავტომობილო გზაზე დამცავი ნაგებობის მოსაწყობად. ამჟამად კი, ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეობს საყრდენი კედლის მშენებლობა.

კომენტარები