ირანის ბირთვული პროგრამა

ნეთანიაჰუ: მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა საკუთარი მომავალი სასწორზე დადეს

შეთანხმების გაფორმება ირანის ატომური პროგრამის შესახებ ათასობით ირანელმა თეირანის ქუჩებში აღნიშნა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი, რომლის წყალობით ქვეყანა სანქციებისგან გათავისუფლდება, ირანის გამარჯვებაა. ვენიდან დაბრუნებულ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მთავრობის წევრებმა წარმატება აეროპორტშივე მიულოცეს. მოჰამად ჯავად ზარიფმა თეირანში შეთანხმების შესახებ განმარტებები გააკეთა.

"ჩვენს ვალდებულებებს სანქციების მოხსნის შემდეგ, ეტაპობრივად შევასრულებთ. ეს დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში მოხდება", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კმაყოფილება მოლაპარაკების შედეგით გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმაც გამოთქვა.

"მივესალმებით შეთანხმებას, რომლის თანახმად სააგენტო ირანში სავერიფიკაციო სამუშაოებს განახორციელებს. ირანთან თანამშრომლობით შევქმნით სრულ სურათს ირანული ატომური პროგრამის შესაძლო სამხედრო კომპონენტთან დაკავშირებით. ჩვენს პირველ ანგარიშს დეკემბრისთვის მოვამზადებთ", - განაცხადა ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა იუკია ამანომ.

ისრაელის პრემიერმა კი, ირანთან მიღწეული შეთანხმება მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ის ირანის აგრესიას კიდევ უფრო წაახალისებს. 

"მსოფლიო უფრო საშიში გახდა დღეს, ვიდრე იყო გუშინ. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა საკუთარი მომავალი სასწორზე დადეს მსოფლიო ტერორიზმის მთავარ სპონსორთან შეთანხმების გაფორმებით. ეს განსაცვიფრებელი ისტორიული შეცდომაა. ისრაელი ამ ხელშეკრულებით თავს არ შეიზღუდავს, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ საკუთარ თავს", - განაცხადა ბინიამინ ნეთანიაჰუმ.

მკაცრად გააკრიტიკეს შეთანხმება ამერიკელმა რესპუბლიკელებმა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა, რომ ეს გარიგება არა ბირთვულ განიარაღებას, არამედ მსოფლიოში ატომური იარაღის მეტად გავრცელებას შეუწყობს ხელს. კონგრესმა შეთანხმება 60 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

"ეს შეთანხმება, ჩემი აზრით, მიუღებელია. ის სახიფათო რეჟიმს მისცემს მილიარდობით  დოლარს, რაც ბირთვულ ირანს გზას გაუხსნის. ეს არ არის აზრთა სხვადასხვაობის საკითხი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის, ეს არის სიმართლისა და ტყუილის საკითხი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ის შეჩერდეს", - ამბობს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი.

ირანთან შეთანხმებას ხელი შეერთებული შტატების, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის პირველმა დიპლომატებმა მოაწერეს. შეთანხმების ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა ცნობილია, რომ ირანი ვალდებულებას იღებს, არ აწარმოოს და სხვა სახით არ მოიპოვოს ბირთვული იარაღი, ასევე 15 წლით უარი თქვას ბირთვული მასალების მარაგის 98%-ზე და ურანის გასამდიდრებელი მოწყობილობების ორ მესამედზე. სანაცვლოდ, უქმდება თეირანის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო და ცალმხრივი სანქციების უდიდესი ნაწილი - მათ შორის, ნავთობის ექსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში. თუმცა, მანამდე ირანმა თავის ობიექტებზე ატომური სააგენტოს ინსპექტორები უნდა დაუშვას. ხუთ წელიწადში ირანს იარაღის ემბარგოც უნდა მოეხსნას.

 

კომენტარები