IDFI

IDFI: პროკურატურა არ ასაჯაროებს საჯარო მოხელეებზე შესულ საჩივრებზე შედეგებს

პროკურატურა არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რეაგირება მოჰყვა უწყებაში 2012 წლის ოქტომბრიდან შესულ იმ 10 379 განცხადებას, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს.

2014 წლის 22 დეკემბერს ააიპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა სტატისტიკური მონაცემები 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში შესული განცხადებების/საჩივრების რაოდენობისა და მათზე დამდგარი შედეგების შესახებ.

IDFI პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 - ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს, ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოწოდებულ იქნა ასევე ინფორმაცია იმ საჯარო მოხელეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა წინააღმდეგაც დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. კერძოდ, 2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.

IDFI დაინტერესდა იმით, თუ რა შედეგებით დასრულდა/რა მსვლელობა მიეცა მოცემულ 10 379 განცხადებას/საჩივარს, მათ შორის, რამდენ შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, რამდენ შემთხვევაში დადგა გამამართლებელი განაჩენი, რამდენ შემთხვევაში შეწყდა საქმის წარმოება მოსამართლის მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, რამდენ შემთხვევაში იქნა გამოყენებული განრიდება, რამდენ შემთხვევაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და რამდენ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის წარმოება.

„აღნიშნულ კითხვაზე 2015 წლის 29 მაისს მოგვეწოდა ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა არასრულყოფილ მონაცემებს მხოლოდ პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში მიმდინარე საქმეთა შესახებ (სულ 112). ამასთან გვეცნობა, რომ აღნიშნულ 10 379 განცხადებასა და დეპარტამენტში მისი მუშაობის დაწყებიდან წერილის მიღების მომენტამდე შესულ 2 208 განცხადებაზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არცერთ საქმეზე არ იყო მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

იქიდან გამომდინარე, რომ IDFI-იმ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია პასუხად არასაკმარისად მიიჩნია, მათ პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართეს კითხვით, თუმცა უშედეგოდ.

„იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ პასუხობდა ჩვენს შეკითხვას, და ის მოიცავდა ინფორმაციას არა სულ შესულ 10 379 განცხადებასთან დაკავშირებით მიღებული ზომების, არამედ მხოლოდ ერთ დეპარტამენტში მიმდინარე საქმეების შესახებ, ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ მიგვეღო ინფორმაცია პროკურატურისგან, თუმცა სამწუხაროდ ინფორმაცია არც ამ შემთხვევაში მოგვეწოდა და გვეცნობა, რომ „შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებულ იქნა პროკურატურის ორი თანამშრომლის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

IDFI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდგომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის საკითხი ძალზედ აქტიურად დადგა საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, როდესაც საქართველოს პროკურატურა არ ფლობს ან არ ასაჯაროებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შედეგებით დასრულდა, რა რეაგირება მოჰყვა უწყებაში შესულ იმ 10 379 განცხადებას, რომლებიც მოიცავდა ინფორმაციას საჯარო მოხელეთა მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

„მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საზოგადობის ნდობის ამაღლების მიზნით, ვფიქრობთ უმნიშვნელოვანესია, საქართველოს პროკურატურამ გამოქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შედეგი მოჰყვა უწყებაში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შესულ იმ განცხადებებს/საჩივრებს, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე მიუთითებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები