ქალთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი 2015

აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

theguardian.co.uk

აშშ-ის ნაკრებმა ქალთა შორის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში იაპონიის გუნდი დიდი ანგარიშით დაამარცხა და მსოფლიო თასი ისტორიაში უკვე მესამედ მოიპოვა. ბოლოს ამერიკელები მსოფლიოში საუკეთესოები 1999 წელს გახდნენ და წლეულს, მოქმედი ჩემპიონების - იაპონელების ძლევით შეწყვიტეს უტიტულო პერიოდი.

რაც შეეხება ფინალურ დაპირისპირებას, მატჩის მე-16 წუთზე აშშ-ის ნაკრები უკვე 4:0-ს იგებდა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას გამარჯვებულის ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ამერიკელთა ფორვარდი კარლი ლოიდი, რომელმაც ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური დაპირისპირებების ისტორიაში პირველად შეასრულა ჰეთთრიქი. ასევე უნდა ითქვას, რომ ლოიდს ამის გასაკეთებლად მხოლოდ 16 წუთი დასჭირდა.

იაპონელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა, მეორეში კი ჯონსტონის ავტოგოლის წყალობით კიდევ უფრო შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ორ წუთში ჰიზმა გაიტანა და ყველაფერი ისევ თავის ადგილას დადგა. 5:2 - ასე დასრულდა ფინალური შეხვედრა.

აშშ-ის ნაკრებს ჩემპიონობა უკვე მიულოცეს ბარაკ და მიშელ ობამებმა, ასევე ჯოზეფ ბაიდენმა. როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტი, ეროვნული გუნდის წევრებს მოგვიანებით თეთრ სახლში მიიღებს და საგანგებოდ მიულოცავს.

 

კომენტარები