რეკლამა

ლუდის მწარმოებლები: აქციზის გაზრდის შემდეგ, გაყიდვები 40%-ით შემცირდა

ლუდის ადგილობრივი მსხვილი მწარმოებელი კომპანიები ნატახტარი, ზედაზენი და კასტელი მოუწოდებენ მთავრობას და ფინანსთა სამინისტროს, შეცვალონ გადაწყვეტილება ლუდის აქციზის 50%-ით გაზრდასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 მარტს შევიდა. ბიზნესორგანიზაციების განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს, მარტი-აპრილის პერიოდში, გაყიდვების მაჩვენებელი 40-ზე მეტი პროცენტით შემცირდა, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. კომპანიების აზრით, ისეთი მზარდი და წარმატებული სექტორისთვის, როგორიც ლუდის წარმოებაა, სადაც ბაზრის 97%-ს ადგილობრივი ბიზნესი იკავებდა, ასეთი რეგულაციის შემოტანა როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი პერსპექტივით საზიანოა.

კომპანიები ნატახტარი, ზედაზენი და კასტელი მოითხოვენ მთავრობის, პარლამენტისა და უშუალოდ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ დროულად დაიწყოს ხელისუფლების მოლაპარაკებები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან რეგულაციის გაუქმებისა და ლუდის ბაზრის განვითარების მექანიზმების შემუშავებისთვის. კომპანიები მიიჩნევენ, რომ მოლაპარაკების და კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთონ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მედია და ექსპერტებიც, რათა ყველა აქტივობა გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოების დაინტერესებულმა ჯგუფებმა შეძლონ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ლუდის მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიებმა გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში განახორციელეს ინტენსიური საკომუნიკაციო კამპანია „არ გამიძვირო ლუდი!“, რომლის მიზანი იყო აქციზის გადასახადის ზრდის გადავადება ან გაუქმება. კამპანიის განმავლობაში ჩატარდა კვლევა, გაიმართა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან, შეიქმნა ელექტრონული და საინფორმაციო მასალები, რომლებიც გავრცელდა ტრადიციული მედიისა და ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, მთავრობამ არ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და არ წავიდა კომპრომისზე ადგილობრივ ბიზნესთან.

კომენტარები