ისლამისტური დაჯგუფების, ალ-შაბაბის ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ტურკი, რომელიც ამ დრომდე ძებნილად ითვლებოდა, სომალიში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ალ-შაბაბის წარმომადგენელთა ცნობით, ჰასან ტურკი ოთხშაბათს გარდაიცვალა. ალ-შაბაბის წარმომადგენლები დამატებით დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰასან ტურკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ სამხედრო ლიდერიდან სასულიერო ლიდერად იქცა.
გაეროს უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ცნობით, ტურკი ალ-კაიდასთან კავშირსა და სხვადასხვა ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი.