აღმოსავლეთ პარტნიორობა

ტუსკი: პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის

wiwo.de

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-4 სამიტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. დეკლარაცია, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის შესახებ იქნება საუბარი, სამიტის ბოლოს გამოქვეყნდება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის შეფასებით, პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

"ევროკავშირი დღეს, ისე როგორც არასდროს, მხარს უჭერს თავის პარტნიორებს. აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენი საერთო პრიორიტეტია. ევროკავშირს სურს, წინ გადადგას ნაბიჯი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრთან. პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის, თუმცა სილამაზეც მნიშვნელოვანია. რუსეთი რომ უფრო რბილი და ლამაზი ყოფილიყო, შესაძლოა, საკუთარი ნაკლის გადაფარვა მეზობლების მიმართ აგრესიული და დესტრუქციული ტაქტიკით აღარ დასჭირვებოდა", - თქვა ტუსკმა.

ლატვიის პრემიერმინისტრმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე ისაუბრა. ლაიმდოტა სტრაუიუმის თქმით, თუ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება, საქართველომ შესაძლოა უვიზო მიმოსვლა 2016 წელს მიიღოს. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე კი ამბობს, რომ ევროკომისია ვითარებას წლის ბოლოს კიდევ ერთხელ შეაფასებს და გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

"საქართველოსთვის კარგი ამბავი არის ის, რომ დეკლარაციაში ჩაიწერება შემდეგი: კომისია ამ წლის ბოლოს წარადგენს ახალ ანგარიშს და თუ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება, საქართველოს მომავალ წელს ექნება თავისუფალი სავიზო მიმოსვლა", - განაცხადა ლატვიის პრემიერმინისტრმა.

"დეკლარაციაში აღიარებული იქნება ჩვენი პარტნიორების ევროპული პერსპექტივა და ამ პერსპექტივის მხარდაჭერა, რომ უფრო მჭიდროდ იყვნენ ისინი ინტეგრირებული ევროპაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ატარებენ რეფორმებს და სურთ გახდნენ ევროპელები. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციას, ევროკომისია წლის ბოლოს ხელახლა შეაფასებს ვითარებას და ველით უფრო მეტ პოზიტიურ შედეგს", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.

 

კომენტარები