საქართველოს ევროინტეგრაცია

FT: ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქართველოში პრორუსული ძალები ძლიერდება

საქართველოს იმედები ევროპასთან დაკავშირებით იმედგაცრუებად იქცა, - ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს შესახებ სტატიას ნილ ბაკლი Financial Times-ში, სადაც რიგაში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეა საუბარი.

"თბილისი იმედოვნებდა, რომ რიგის სამიტზე ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდა. ამის ნაცვლად, გეგმები გადაიდო - საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა", - წერს ბაკლი.

სტატიის ავტორი წერს, რომ მაშინ, როდესაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გასული წლის ივნისში გააფორმა, ამ დრომდე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მხოლოდ მცირეოდენი სარგებელი იგრძნეს. უვიზოდ მიმოსვლა კი მათთვის ხელშესახები სარგებელი იქნებოდა.

ბაკლი ასევე აღნიშნავს, რომ გასული წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს, საქართველომ NATO-ს სამიტზე MAP-ის მიღება ვერ მოახერხა.
ბაკლი საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და რუსეთის გავლენის განახლებაზე საუბრობს.

"ეკონომიკურმა დაღმასვლამ, რომელიც ნაწილობრივ მეზობელ რუსეთში რეცესიამ გამოიწვია, და რომელმაც ეროვნული ვალუტის ღირებულების მესამედი შეიწირა, საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვია. ეს კარს უღებს ასევე რუსეთის გავლენის განახლებას", - ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიაში NDI-ის უახლეს კვლევაზეა ყურადღება გამახვილებული, სადაც მოსახლეობის 31% მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში შესვლას. ორი მესამედი კვლავ მხარს უჭერს დასავლეთთან ინტეგრაციას. თუმცა ბაკლი აღნიშნავს, რომ ალტერნატიული გაერთიანების მხარდამჭერთა პროპორციული მაჩვენებელი ბოლო წლის განმავლობაში გაორმაგდა.

ბაკლი წერს, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონად და დემოკრატიულ შუქურად განიხილებოდა. ასევე საუბრობს საქართველოს ადგილმდებარეობაზე და მის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.

"ქვეყნის ტერიტორიაზე გადის აზერბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით გაყვანილი ნავთობ- და გაზსადენები, რომლებიც ევროპისთვის რუსული ენერგიის ალტერნატიული წყაროა", - წერს ავტორი.

ბაკლი წერს, რომ საქართველოში რუსეთთან დამოკიდებულება შეცვლილია და ამ მხრივ გარკვეული როლი ითამაშა 2012 წელს სააკაშვილის მთავრობის მოულოდნელმა მარცხმა და მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამაც. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში პრორუსული ძალები ძლიერდება.

"მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვთან კავშირების აღდგენა დაიწყო. შედეგად, მოსკოვმა ათი წლის წინ ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, რამაც ეკონომიკის წინსვლა განაპირობა. ქართული ოცნების მთავრობამ ასევე კვლავ ჩართო რუსული ტელეარხები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აკრძალული იყო, პრორუსული ხმები, რომლებიც წინა მთავრობის დროს არ ისმოდა, ახლა ქართულ მედიაში კვლავ ისმის", - წერია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილმა რუს კოლეგებთან საერთო ენა გამონახა და დასავლურ ტრადიციულ ღირებულებებზე შეტევებს ახორციელებენ.

ბაკლის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი ძალას მაინც იყენებს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მან ოკუპირებულ ტერიტორიებთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, ე.წ. ხელშეკრულებები გააფორმა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან მიახლოებას გულისხმობს.

ნილ ბაკლი სტატიის ბოლოს წერს, რომ, ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს. მაგრამ შესაძლებელია, მათ საკმაოდ დიდი უმცირესობა შექმნან, რომელიც პროსადავლურ პარტიებს სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას არ მისცემს.

კომენტარები