საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰან ჩონგფუ იმყოფება. მინისტრმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან გამართა შეხვედრები. დღესვე, ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობაში მომავალი თანამშრომლობის შესახებ სამოქმედო გეგმა გაფორმდა.
გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ვაჭრობის, მათ შორის ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტირების საკითხებიც განიხილებოდა. ჰან ჩონგფუს თქმით, ქართულ ღვინოს ჩინურ ბაზარზე საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. წელს, ღვინის ექსპორტის შემცირების მიუხედავად, ზოგიერთ ბაზარზე ქართული ღვინის გადატვირთვები გაიზარდა. ამ ქვეყნებს შორის ჩინეთიცაა, სადაც პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ექსპორტი 66%-ით არის გაზრდილი. ჩინეთში ღვინის სმის კულტურა ჯერჯერობით ახალია და ადგილობრივ მომხმარებელს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე ქვეყნის ღვინის მიმართ ლოიალობა, რაც ქართულ ღვინოს პერსპექტივებს აძლევს.
ჩინური მხარე ქართულ მხარეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების თანამედროვე მეთოდების ათვისებაშიც დაეხმარება. 2014 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სოფლის მეურნეობაში პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. პარტნიორობის პროექტის ფარგლებში მარნეულში 30 სათბური აშენდება. ჩინეთმა საქართველოს ასევე დაახლოებით $20 მილიონის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადმოსცა.
ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის მთავარ ბაზრად კვლავ დსთ-ის ქვეყნები რჩება, რის მიზეზსაც ამ ქვეყნებში ქართული პროდუქციის ცნობადობა და ამ ქვეყნების სიახლოვე წარმოადგენს. რუსეთსა და უკრაინაში არსებულმა კრიზისმა კი ღვინის ექსპორტის 58%-ით შემცირება გამოიწვია.





