სასკოლო სახელმძღვანელოები

გამომცემლობების საწყობებში 1 მილიონი გამოუყენებელი სახელმძღვანელო ინახება

თბილისის სააპელაციო სასამართლო 8 მაისს გამომცემლების სარჩელს განიხილავს, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის შესახებ 2013 წელს მეღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

ამ გადაწყვეტილების თანახმად, სამინისტრომ, სკოლებში უფასოდ დასარიგებელ სახელმძღვანელოები მხოლოდ რამდენიმე სტამბისგან შეისყიდა, რომლების კონკურსის გარეშე შეირჩა.
როგორც ტაბულას გადაცემა თეორემაში ადვოკატმა თამთა ივანიშვილმა განაცხადა, სარჩელი გამომცემლებმა წელიწადნახევრის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს, რომელმაც ის არ დააკმაყოფილა. დავის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

გამომცემლებმა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი განათლების სამინისტროს ნორმატიული აქტის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების შესახებ მუხლის გაუქმების მოთხოვნით, რომელიც ადგენს, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში განათლების სამინისტროს უფლება აქვს მესამე პირებს გადასცეს სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება.

სულ გამომცემლების ზარალი 15 მილიონ ლარს შეადგენს. ამსი შესახებ გამომცემლობა ინტელექტის დირექტორმა კახაბერ კუდავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს თანხა მოიცავს როგორც დამდგარ, ასევე მოსალოდნელ ზარალს, რაც საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ არის გაანგარიშებული.

„დამდგარ ზარალში იგულისხმება ის, რომ 18 ქართული გამომცემლობის საწყობებში დევს 1 მილიონი ეგზემპლარი მოქმედი სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოებს მესამე წელია განათლების სამინისტრო ხელმეორედ ბეჭდავს", - აღნიშნა კუდავამ.

მისი თქმით, მარტო გამოცემა ინტელექტის საწყობებში 400 ათასი მოქმედი სახელმძღვანელოა. შარშან გამომცემლებმა მათი შესყიდვა განათლების სამინისტროს შესთავაზეს, ერთი ლარით უფრო დაბალ ფასად, ვიდრე მათი ბეჭდვა ჯდება. კუდავას თქმით, უწყებამ ისინი სტამბებთან გადაამისამართა, რომლებმაც ძალიან დაბალი ფასი დაასახელეს. რის გამოც გამომცემლებმა სახელმძღვანელოების რეალიზაცია ვერ შეძლეს.

კომენტარები