რიგის სამიტი

ჰერმანი: რიგის სამიტის შედეგებზე წინასწარ საუბარი არ ღირს

ტაბულა

რიგის სამიტის შედეგებზე წინასწარ საუბარი არ ღირს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რიგის სამიტმა შესაძლოა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას იმედები გაუცრუოს.

"რა თქმა უნდა, მომავალი რიგის სამიტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვმუშაობთ სამიტის დოკუმენტზე. როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ექვსი მონაწილე ქვეყნის ლიდერები რიგაში შეხვდებიან ერთმანეთს, ყველა ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორც განსხვავებულ ფორმულირებებზე, ასევე სადავო საკითხებზე. ახლა არ არის მართებული, წინასწარ გავაკეთოთ შეფასებები რიგის სამიტის შედეგებზე", - განაცხადა ჰერმანმა.

ჰერმანმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა პირველი ეტაპის ტექნიკური შეფასებების პროცესი მიმდინარეობს.

"რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მიმდინარეობს ტექნიკური შეფასების პროცესი იმის შესახებ, თუ რამდენად ასრულებს საქართველო იმ მოლოდინებს, რასაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. ევროკომისია ძალიან მალე გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნული იქნება ამ კუთხით საქართველოს მიღწევები. მე, როგორც ამ პროცესის მონაწილეს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მიღწევა აქვს, ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეფასების ანგარიში იქნება პოზიტიური. თუმცა ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობას, შემდეგ დაიწყება ამ პროცესის მეორე ეტაპი - განხილვა, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები მონაწილეობენ", - განაცხადა ჰერმანმა.

კომენტარები