მსოფლიო ჩემპიონატი 2018

ბლატერი: რუსეთი ყველა დროის საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებს

FIFA-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში
ალექსეი ნიკოლსკი / REUTERS

ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ვერაფერი დაუდგება წინ რუსეთს, რომ ყველა დროის საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატი ჩაატაროს. ეკონომიკური სიტუაცია საუკეთესო არ არის, მაგრამ ვიცი - გაუმჯობესდება, - ეს განცხადება ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გააკეთა.

ბლატერი ვლადიმირ პუტინს სოჭში შეხვდა, იქ, სადაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მრავალი ხარვეზით ჩატარდა.

"მე ბედნიერი და ამაყი ვარ, ბატონო პრეზიდენტო. ვამაყობ, რომ რუსეთი ნელ-ნელა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობას შეძლებს.

ეს ყველაფერი ვლადიმირ პუტინის დამსახურებით ხდება, მაგრამ მას ასევე ეხმარებიან სპორტის მინისტრი მუტკო და საორგანიზაციო კომიტეტის უფროსი სოროკინი", - განაცხადა ბლატერმა.

მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 2018 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ამის გამო ფიფას დღემდე, დიდი წნეხის ქვეშ გავლა უწევს. სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები და ოფიციალური პირები, ბლატერის ორგანიზაციისგან რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ. აშშ-ის ცამეტმა სენატორმა ახლახან მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, მსოფლიო ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გამართვა მოსთხოვა. მიზეზად სენატორებმა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა დაასახელეს.

"ვიღაცებს სურთ, მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთს წაართვან, მაგრამ ჩვენ ამას ერთ პასუხს გავცემთ - ჩვენ ფეხბურთში ვართ ჩართულები და არ დავუშვებთ, რომ პოლიტიკამ ხელი შეგვიშალოს", - განაცხადა ზეპ ბლატერმა.

კომენტარები