პრეზიდენტის რეზიდენცია

პრეზიდენტი: რეზიდენციის თემა პოლიტიკურია და არ უკავშირდება კვადრატულ მეტრებს

ათონელის რეზიდენციის შესახებ განცხადებებს რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. მისი თქმით, აქ საუბარია არა კვადრატულ მეტრებზე, არამედ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის პიროვნულ დაპირისპირებაზე. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მისი, როგორც მოქალაქის და როგორც პრეზიდენტის ვალია, იყოს დამოუკიდებელი და არავის დაემორჩილოს. 

"ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არ უკავშირდება არც კვადრატულ მეტრებს და არც საბინაო კომუნალურ საკითხებს. ეს პოლიტიკური თემაა, თემა, რომლის შინაარსიც შემდეგია - სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში არც საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას, გადავა მეორე შენობაში...ეს საკითხი ასევე უკავშირდება ნებისმიერ მოქალაქეს. მე, როგორც მოქალაქეს, არა მგონია, რომ უნდა დავთმო ჩემი ღირსება და ვიმოქმედო აი ასე, მითითებისამებრ, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, ვალდებული ვარ, ეს არ გავაკეთო და დავიცვა როგორც ინსტიტუტის ღირსება, ასევე ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალი არჩევანი. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი პრაქტიკულად არავის გააჩნია. სამწუხაროდ, ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირება. ბუნებრივია, ამ საკითხში, მე როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე, ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი, ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას. რითიც, ფაქტობრივად, ჩემი აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის და მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქის თავისუფალ არჩევანს ვიცავ" - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დაცლისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან თქვა, რომ "თუ სახელმწიფო გვაქვს, თამაშის წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტიც. მან უნდა დატოვოს ავლაბრის რეზიდენცია. 10 ათასი კვადრატული მეტრის შენობა ტყუილად არ უნდა ცდებოდეს".

კომენტარები