კრიზისი უკრაინაში

წლის დასაწყისიდან უკრაინაში 400-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა

გაერომ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა. წლის დასაწყისიდან ქვეყნის აღმოსავლეთში, დასახლებული პუნქტების დაბომბვისა და ნაღმებზე აფეთქების შედეგად 400-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა. სულ დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს აღემატება. იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მილიონ 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, გასულ საღამოს სეპარატისტებმა ცეცხლი 6-ჯერ გახსნეს, მათ შორის 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნების გამოყენებით. სროლა ძირითადად დონეცკის მიდამოებში ისმოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვი გააფრთხილა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის აღიარება სამშვიდობო პროცესს ძალზე გაართულებს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, რუსეთმა უკრაინის ერთიანობას პატივი უნდა სცეს.

შაბათს ვლადიმირ პუტინმა სამომავლოდ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარება არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა საუბრები ამის შესახებ კონტრპროდუქტიული იქნება.

კომენტარები