სასჯელაღსრულების სამინისტრო

სამინისტრო: ადვოკატს კახა ნაკანის სხვა ციხეში გადაყვანა არც მოუთხოვია

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, სპეცრაზმის ყოფილი უფროსის კახაბერ ნაკანის ადვოკატსმა უწყებას ნამდვილად მიმართა განცხადებით, თუმცა, კახა შონიას მისი დაცვის ქვეშ მყოფის N9 დაწესებულებაში გადაყვანა არ მოუთხოვია.

"ადვოკატის მიერ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის სახელზე 2015 წლის 17 თებერვალს გამოგზავნილი განცხადების თანახმად, ის ითხოვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შესაძლო ზეწოლების თავიდან აცილების მიზნით, პრევენციული ზომების გატარებას, რასაც ისედაც უზრუნველყოფდა სამინისტრო. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოება სამინისტროს მოვალეობაა. ის, რომ ბრალდებულის უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყო დაცული, დასტურდება იმითაც, რომ მას სამედიცინო დახმარება დროულად აღმოუჩინეს" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო და აღნიშნავს, რომ "ადვოკატს კახაბერ ნაკანის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნითაც რომ მოემართა, ჩვენი მიდგომა იქნებოდა ცალსახა და კანონით განსაზღვრული". კერძოდ, უწყების განმარტებით, "ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა გადანაწილება ხდება მხოლო და მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით და არა ბრალდებულების, მსჯავრდებულებისა და მათი ადვოკატების მითითებებისა და მოსაზრებების საფუძველზე".

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა კახაბერ ნაკანმა 15 აპრილს გლდანის ციხეში ვენები გადაიჭრა. 

კომენტარები