სოციალურად დაუცველი ბავშვები

ენმ: სერგეენკოს მიერ შეპირებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს 2019 წლიდან მიიღებენ

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ შეპირებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს 2019 წლიდან მიიღებს. პარტიის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ 2015 წლის 1 მაისიდან ვერ დაიწყებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ყველა ბავშვზე 10-ლარიანი დანამატის გაცემას.

"2014 წლის დეკემბერში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა და განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ, ყოველ ბავშვზე დამატებით 10-ლარს მიიღებდა.

ამჯერად ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ყოველ ბავშვზე დამატებით 10 ლარს მხოლოდ ის სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს, რომელიც ეტაპობრივად, ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების შემდეგ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზაში დარჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე ახალი მეთოდოლოგიით მხოლოდ 5000 ოჯახი გადამოწმდება. ამჟამად დახმარებას სულ 140,000 ოჯახი იღებს, რაც ნიშნავს, რომ ამ ტემპით მათი გადამოწმება მინიმუმ 4 წელს გაიწელება. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი დავით სერგეენკოს მიერ შეპირებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს 2019 წლიდან მიიღებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ მთავრობის არაკომპეტენტურობისა და ახალი მეთოდოლოგიით სოციალურად დაუცველთა ოჯახების გადამოწმების ნელი ტემპის გამო ეს ოჯახები და იქ მცხოვრების ბავშვები არ უნდა დაზარალდნენ. მით უმეტეს, რომ დავით სერგეენკოს მიერ დაანონსებულ ბავშვის 10-ლარიან დანამატს უკვე აკლდება მსყიდველუნარიანობა ლარის კურსის ვარდნისა და საკვებსა და მედიკამენტებზე ფასების მატების გამო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის 10-ლარიან დანამატის გაცემა 1 მაისიდან დაიწყოს ყველა 107,000 ბავშვზე, რომელიც სოციალური დახმარების მიმღებ 140,000 ოჯახში ცხოვრობს. თუ ოჯახი, ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების შემდეგ, დარჩება დახმარების მიმღებთა ბაზაში, მას შეუნარჩუნდება ბავშვის 10-ლარიანი დანამატიც.

მილიარდერი ივანიშვილის მთავრობის მიერ ამ მოთხოვნაზე უარის თქმა იმის აღიარება იქნება, რომ ხელისუფლებას, ეკონომიკური სტაგნაციის გამო, ბიუჯეტის შეუსრულებლობის ეშინია და ცდილობს, ფული ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე დაზოგოს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები