დაღუპული ქართველი ჯარისკაცები

კალაძე: ჯარისკაცების დაკრძალვას მთელი მთავრობა უნდა დასწრებოდა

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

არამარტო თავდაცვის მინისტრის არამედ მთავრობის სხვა წევრების ვალდებულება იყო ქართველი ჯარისკაცების დაკრძალვაზე დასწრება - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, პირადად მან ჯარისკაცების ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვის შესახებ არ იცოდა.

"მე პირადად ნამდვილად არ ვიცოდი ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით. რომ მცოდნოდა, ალბათ, არა მარტო თავდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის წევრების ვალდებულებაც იყო, რომ ყოფილიყვნენ", - განაცხადა კალაძემ.

გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განცხადა, რომ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ქართველი ჯარისკაცების ფრაგმენტების დაკრძალვას საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამიტის გამო ვერ დაესწრო და ასევე აღნიშნა, რომ დაკრძალვა მოხდა არა ცხედრების, არამედ დნმ ანალიზისთვის აღებული ნიმუშების.

“ეს არ ყოფილა ჩვენი ჯარისკაცების, ტერიტორიული მთლიანობის მიზნით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილე სამხედროების დაკრძალვის ცერემონიალი. ეს გმირები ჩვენ დიდი ხნით ადრე მივაბარეთ მიწას. ეს იყო ცერემონიალი, რომელიც უკავშირდებოდა დნმ-ის ზუსტი დადგენისთვის აღებული ნიმუშების მიწისთვის მიბარებას. თუმცა, ღონისძიება ჩატარდა ისე, როგორც ეს ეკადრება ჩვენი ჯარისკაცების ხსოვნას“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ორი დღის წინ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, თავდაცვის უწყება კი ცერემონიაზე მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის რანგში იყო წარმოდგენილი.

კომენტარები