ავიაკომპანიისთვის ცნობილი იყო ანდრეას ლუბიტცის სერიოზული დეპრესიის ეპიზოდის თაობაზე. ამის შესახებ კომპანია ლუფთჰანზაში განაცხადეს. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ლუფთანზას შვილობილი კომპანია ჯერმან ვინგსის პილოტმა ავიაკატასტროფის პროვოცირება მოახდინა, რასაც 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ავიაკომპანიის ცნობით, ლუბიტცმა კომპანიას დეპრესიის შესახებ ექვსი წლის წინ, ჯერ კიდევ პილოტების კურსებზე სწავლის დროს შეატყობინა.
მანამდე გერმანიის პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლუბიტცს პილოტად მუშაობის დაწყებამდე სუიციდური მიდრეკილებები აღენიშნებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ყველა სამედიცინო შემოწმება გავლილი ჰქონდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც გააჩნდა.





