ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ ე.წ. კაბელების საქმე ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის პოლიტიკური დევნის ნაწილია. გაბაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ თავისუფალი დემოკრატებისთვის პოლიტიკური დევნა ნათელი გახდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის უშუალოდ შეეხოთ.
"ვფიქრობ, ე.წ. კაბელების საქმე არის აშკარა პოლიტიკური დევნა და არის იმ დიდი პოლიტიკური დევნის ნაწილი, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური დევნა ალასანიას და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ და მგონი, მათაც ამაში ეჭვი არ ეპარებათ. უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მისთვის ეს პოლიტიკური დევნა თვალნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ეს მათ პარტიას უშუალოდ შეეხო", - თქვა გაბაშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ალასანიას ყოფილი მოადგილე ზაზა ბროლაძე, სავარაუდოდ, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს. დაკითხვა, სავარაუდოდ, ე.წ. კაბელების საქმეს ეხება.
ასევე, ირაკლი ალასანია პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე მომუშავე ექსპერტის ავთანდილ გუმთიაშვილის "გატაცებასა" და მასზე ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ექსპერტი, რომელმაც ე.წ. კაბელების საქმეზე საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი 28 ოქტომბერს დააკავა. მათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.





