უზენაესი სასამართლო

გვენეტაძე: დამოუკიდებელი სასამართლოსთვის აუცილებელი ცვლილებები განორციელდება

თეორემა/ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, "რაც დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოს დასჭირდება, კანონის ფარგლებში, ბუნებრივია, ასეთი ცვლილებები განხორციელდება". ამის შესახებ გვენეტაძემ ჟურნალისტებს უთხრა და აღნიშნა, რომ ჯერ კონკრეტულ ცვლილებებზე გეგმა არ აქვს, "თუმცა, დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის საჭირო და აუცილებელი ცვლილებები განორციელდება". გვენეტაძის განცხადებითვე, მისთვის "პირველადი გადაუდებელი გეგმები ამ ეტაპზე ნამდვილად არ არსებობს".

"ახლა პირველადი არის კოლექტივთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. შემდეგ სასამართლო აპარატთან შეხვედრა და იმ ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხალხის, საზოგადოების ნდობა ამაღლდეს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ჩაგაყენებთ საქმის კურსში ყველა იმ მნიშვნელოვან სვლაზე, რომელიც ჩვენი მიზნების მისაღწევად იქნება განხორციელებული. როგორც უზენესი სასამართლოს დონეზე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საერთოდ საერთო სასამართლოების სისტემების დონეზე... მე ვიქნები ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვისაც დაემუქრება რაიმე ზეწოლა, რაიმე პრობლემა შეექმნება ხელისუფლებისგან ან მათ მიმართ გაკეთდება არასწორი განცხადებები. მე კი, მოსამართლეებს ვთხოვ თვითკონტროლს და თვითანგარიშგებას საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით", - განაცხადა გვენეტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეთა კორპუსს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე დღეს წარუდგინა. საქართველოს პრეზიდენტმა მისი დანიშვნის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარგველაშვილმა თქვა, რომ დღეს ქართულ მართლმსაჯულებას ისტორიული პერიოდი აქვს.

პარლამენტმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 20 მარტს, 88 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

კომენტარები