საზოგადოებრივი მოძრაობა

რურუა: გვინდა, ჩვენი მოძრაობა იყოს უფრო დემოკრატიული და ღია, ვიდრე სხვა პარტია

თეორემა/ტაბულა

"გვინდა, რომ "ივერია" იყოს მოძრაობა შინაარსით უფრო დემოკრატიული, უფრო ღია, ვიდრე ნებისმიერი პარტია", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" წარმომადგენელმა ნიკა რურუამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ეს არ არის პარტია. გვინდა, რომ ეს იყოს მოძრაობა შინაარსით უფრო დემოკრატიული, უფრო ღია, ვიდრე ნებისმიერი პარტია, რომელსაც თავისი ბიუროკრატია, ერთგვარი მოუქნელობა, ჩაკეტილობა აქვს. მინუსებზე ვლაპარაკობ, რომელიც ყველა პარტიას ახასიათებს მეტნაკლებად. გვინდა, იყოს მოძრაობა, რომელიც თავის ამოსავალ პროგრამას შეიმუშავებს ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, ვისაც უჭირთ გარღვევა იმ უხილავი ბარიერის, რომელსაც ყველა პარტიას მეტნაკლებად აქვს - გამომდინარე დროის უკმარისობიდან, პრაქტიკიდან, გამოცდილებიდან. ჩვენ გვინდა, ექსპერიმენტული რაღაცა გავაკეთოთ. ისეთი ერთობა თანამოაზრეებისა, რომელიც არ იქნება პირველ რიგში შეზღუდული იდეოლოგიური განსხვავებებით. არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ მხოლოოდ მემარცხენეები ან მემარჯვენეები.

ჩვენ გვაქვს ღირებულებები, რომლებსაც თუ იზიარებს ადამიანი, ჩვენი კარი ღიაა. ესაა თავისუფლება, განათლება, კომპრომისის ხელოვნების დაფუძნება, როგორც კონსტრუქციული ურთიერთობების გარანტიისა, არაშურისმაძიებლობა და ის, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი უალტერნატივოა", - თქვა რურუამ.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

კომენტარები