სოციალური ქსელები

Google თავის სოციალურ ქსელს Google+ შლის

Businessinsider.com

Google-მა თავისი სოციალური ქსელის Google+ -ის ნაწილებად დაყოფის შესახებ არსებული ინფორმაცია დაადასტურა. Google+ ორ ნაწილად - ფოტოების გასაზიარებელ აპლიკაციად და Stream პლატფორმად დაიყოფა. Google+ სამი წლის წინ შეიქმნა და მასში გაწევრიანებულია დაახლოებით 540 მილიონი მომხმარებელი. თუმცა, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, ვინც კვირაში ერთჯერ მეტად იყენებს აღნიშნულ სოციალურ ქსელს, 30%-ზე ნაკლებს შეადგენს. 

Google+ -ის მომავალი დაშლის შესახებ ცნობები გასული წლის განმავლობაში ვრცელდებოდა, თუმცა აქამდე კომპანია ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. Google+ -ის მენეჯერის ბრედლი ჰოროვიცის თქმით, მომხმარებლებისთვის Google+ -ის ბაზაზე შექმნილი ახალი სოციალური ქსელები საინტერესო იქნება. ახალ აპლიკაციას ისეთი სოციალური ქსელებისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა, როგორიცაა Instagram, Flickr და Facebook. 

Google+ -ში დარეგისტრირება მომხმარებლებისთვის ზოგიერთი ბრაუზერის, მათ შორის Google Chrome ბრაუზერის გამოყენების დროს ხშირად სავალდებულო იყო. იმის მიუხედავად, რომ Google+ მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ვერ გახდა, მის ფოტოპლატფორმას სხვა ქსელებისთვის კონკურენციის გაწევა მაინც შეუძლია. 

კომენტარები