უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ორი დეპუტატია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურების შეთავაზების ეტაპი გუშინ, 9 თებერვალს დასრულდა. დღეს ცნობილი გახდა დარეგისტრირებული კანდიდატების სია, რომელთა შორის, მიუხედავად იმისა, რომ შესარჩევი კრიტერიუმების მიხედვით, კანდიდატი პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი უნდა იყოს, ორი დეპუტატიცაა.

კანდიდატებმა, შალვა შავგულიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა, პირობა დადეს, რომ პრეზიდენტის მიერ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, პარტიის რიგებს დატოვებენ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ. მან აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევი კრიტერიუმები, რომელთა შორის პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლებაცაა, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. მისივე თქმით, ეს კრიტერიუმები ძალაშია და კანდიდატის შერჩევა კანონის და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.

კანდიდატურების შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კონსულტაციები როგორც პოლიტიკური პარტიებთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა. შედეგად, ნაწილმა გიორგი მარგველაშვილს განსახილველად თავისი კანდიდატურა შესთავაზა. მათ შორის, თავისუფალმა დემოკრატებმა - შალვა შავგულიძე.

საკუთარი კანდიდატები არ დაუსახელებიათ ქართულ ოცნებას და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მიუხედავად ამისა, ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ქართული ოცნების წევრია და პარლამენტშიც კოალიციის კვოტით მოხვდა, 11 საინიციატივო ჯგუფის შეთავაზებას დათანხმდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი გამოთქვა. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობასთან არ შეუთანხმებია. ქუცნაშვილი გეგმავს თავისი პროგრამა საზოგადოებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მედიას წარუდგინოს. დეპუტატის თქმით, მისი გადაწყეტილების შესახებ ცნობილია პრემიერმინისტრისთვისაც.

კომენტარები