უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატია

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატია. ამის შესახებ ქუცნაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ კვირის პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი კანდიდატურა 11-მა სამოქალაქო ორგანიზაციამ წარადგინა. ქუცნაშვილის თქმით, აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობასთან არ შეუთანხმებია, თუმცა პრემიერს და პრეზიდენტს ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ.

„ვიცნობ რა გიორგი მარგველაშვილს, ის არ დაუშვებს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფას და დისკრიმინაციას. მე გამოვრიცხავ პრეზიდენტ მარგველაშვილის მხრიდან დისკრიმინაციას“, - თქვა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია.

„უნდა დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკური ნიშნით სეგრეგაცია დაუშვებელია. ეს სერიოზული გამოწვევაა. პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დაყოფა მართებული არ იქნება... მართლმსაჯულების სფეროს მთელ რიგ საკითხებში რეფორმებია გასატარებელი, მე ვაპირებ ეს ხედვები გავაცნო ყველა იმ ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარმადგინეს. მათთან ერთად შეხვედრაზე მოწვეულები იქნებიან მედიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელები“, - განაცხადა დეპუტატმა.

ზაქარია ქუცნაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ენერგეტიკოსების, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის N 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის საინიციატივო ჯგუფებმა, ასევე, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა, საქართველოს ევრომეცნიერების ეროვნული სექცია - მედიკოსებმა, საქართველოს მეგზევეთა საზოგადოებამ, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და მანანა კობახიძე გამსახურდიამ (განათლების პროფკავშირის ყოფილი თავმჯდომარე).

კომენტარები