რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ღარიბაშვილი: რუსეთი რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს

Irakli Garibashvili official/Facebook.com

რუსეთის ქმედებები მიუთითებს, რომ ის რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციაზე განაცხადა.

სესიის მედიატორის კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთი რეგიონში წინასწარ ჩაფიქრებულ პოლიტიკას ახორციელებს, საქართველოს მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ რუსეთის ქმედებები სწორედ ამაზე მიუთითებს.

ღარიბაშვილმა რუსეთთან კონფლიქტის სათავეები გაიხსენა და განაცხადა, რომ სიტუაცია კვლავაც დრამატულია.

„ყველას მინდა შევახსენო, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა 22 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ კონფლიქტი არ მოგვარებულა. სცენარი თითქმის იგივეა, რაც რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების შემთხვევაში. 90-იან წლებში გააქტიურდნენ ე.წ. დროის ნაღმები და მივიღეთ 400 000-ზე მეტი დევნილი. ჩატარდა ქართველების ეთნიკური წმენდა. სიტუაცია დრამატულია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია“ - განაცხადა ღარიბაშვილმა

პრემიერმინისტრის განცხადებით რუსეთი ურთიერთობის დათბობას არ ცდილობს და პირიქით მავთულხლართები გააბა საქართველოს ტერიტორიაზე.

"გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ნება, დაგვერეგულირებინა ურთიერთობა რუსეთთან და კარგი მეგობრები გავმხდარიყავით. ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან ჩვენ რუსეთისთვის არანაირი საბაბი არ მიგვიცია, საქართველო რაიმე სახის პროვოკაციაში დაედანაშაულებინა. რუსეთის მხრიდან ჩვენს კონსტრუქციულ და მეგობრულ პოლიტიკას კი იმავე სულისკვეთებით არ უპასუხეს. რუსეთმა 60 კილომეტრზე მავთულხლართები გააბა. ბერლინის კედელი 25 წლის წინ დაინგრა, ჩვენ კი XXI საუკუნეში ჩვენს ტერიტორიაზე გამყოფი ხაზების აღდგენას ვხედავთ. ბევრ ქართულ ოჯახს სახლი ამ ბარიერის მიღმა დარჩა. ეს არ აღადგენს ნდობას ჩვენს შორის. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთი მოახდენდა ყირიმის ანექსიას, თუნდაც იმიტომ, რომ ყირიმის ანექსიით რუსეთმა ფაქტობრივად უკრაინა და უკრაინელები დაკარგა. როგორ უნდა აღადგინო ხალხის და ქვეყნის ნდობა, როცა მათ ტერიტორიას ანექსიას უკეთებ?!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები