საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვადა ხელოვნურად გაიხანგრძლივა

დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე
newpress.ge

საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა შეაფასა და ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა საპრეზიდენტო ვადის ხელოვნურად გაზრდის გამო გააკრიტიკა.  


"ზვიად სიჭინავას პრეზიდენტის პოსტზე ვადა 22 იანვარს ამოეწურა. მიუხედავად ამისა, ის აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას. ჩემი ინფორმაციით, ის საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბერში აპირებს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერი, ოთარ გიორგაძე გამოეხმაურა.

"ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, არ ვადასტურებ, რადგან ამ ეტაპზე საერთოდ არ არის ცნობილი არჩევნების ჩატარების თარიღი", - თქვა გიორგაძემ.

ლორთქიფანიძე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების თემასაც შეეხო და თქვა, რომ ეს კარგი პროექტია. თუმცა მის უკმაყოფილებას ის ფაქტი იწვევს, რომ მატჩების მასპინძელ ოთხ ქალაქს შორის ქუთაისი ვერ მოხვდა.

"ის რაც კარგია, უნდა ვთქვათ, რომ კარგია. ამ ჩემპიონატის მასპინძლობა ჩვენი ქვეყნის ცნობადობას კიდევ უფრო გაზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთს მსოფლიო მასშტაბით ცნობადობა და ავტორიტეტი არ აკლია. 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ძალიან საინტერესო ტურნირია, მაგრამ ერთი რამ არ მომწონს - ეს თამაშები ქუთაისში არ არის განსაზღვრული. ეს არის ჩემი პოზიცია და მინდოდა, ამ ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი ქუთაისი ყოფილიყო დასახელებული", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერის, ოთარ გიორგაძის განცხადებით, იმას, რომ თამაშები ქუთაისში არ ტარდება, თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

"ამ ეტაპზე იმ მოთხოვნებს, რაც საჭიროა საფეხბურთო მოედნებთან ერთად, ვგულისხმობ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს, აეროპორტს და სხვა აუცილებელ სტანდარტებს, აკმაყოფილებს მხოლოდ თბილისი. ეს სტანდარტები დააწესა უეფამ და მსგავსი სტანდარტები მოქმედებს ყოველთვის, როცა უეფას ძალისხმევით მსგავსი რანგის ტურნირები ტარდება. შესაბამისად, თბილისის გარდა შეირჩა მასთან ახლომდებარე სამი ქალაქი - გორი, რუსთავი და მცხეთა", - თქვა გიორგაძემ.

3 თებერვალს ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილეა. დავით ლორთქიფანიძემ ყურადღება ამ თემაზეც გაამახვილა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, პაიჭაძის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართოს. ლორთქიფანიძე ასევე მოითხოვს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ 2015 წელი ბორის პაიჭაძის წლად გამოაცხადოს.

"ფეხბურთის ფედერაცია 3 თებერვალს ბორის პაიჭაძის 100 წლის საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ამ დღეს გაიმართება სპეციალური ღონისძიებები. გაიმართება ფოტოგამოფენა და წიგნის პრეზენტაცია. გარდა ამისა, იქნება რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც პაიჭაძის სახელს უკავშირდება. ამ ყველაფერს საზოგადოება რამდენიმე დღეში შეიტყობს", - განაცხადა სფფ-ის პრესსპიკერმა გიორგაძემ.


კომენტარები