ელისო ბოლქვაძე

ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება მიენიჭა

პარიზში იუნესკოს შტაბ–ბინაში ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება მიენიჭა. საპატიო ტიტული ბოლქვაძეს იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ გადასცა. აღნიშნული წოდება ქართველ ხელოვანს პირველად მიენიჭა. ცერემონიას პარიზში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 

ელისო ბოლქვაძე შემოქმედებითი მოღვაწეობის გარდა საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომლის მთავარი მიზანიც არის ნიჭიერი ახალგაზრდა პიანისტების ხელშეწყობა, ასევე მართავს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს. ფესტივალი ხელს უწყობს ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ნიჭიერი ახალი სახელების აღმოჩენას.

ელისო ბოლქვაძის, როგორც იუნესკოს მშვიდობის არტისტის სამომავლო გეგმები უკავშირდება მსოფლიოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში დაზარალებულ ბავშვთა განათლების ხელშეწყობას საქველმოქმედო ღონისძიებების საშუალებით.

იუნესკოს მშვიდობის არტისტის საპატიო წოდებას ფლობენ მსოფლიოში გამოჩენილი არტისტები: სელინ დიონი, ანჯელინა ჯოლი, მარკუს მილერი, პლასიდო დომინგო, შირლი ბეისი, ვლადიმერ სპივაკოვი, ხუაკინ კორტესი, ჟორდი სავალი, ვალერი გერგიევი, მეჰრიბან ალიევა.

კომენტარები