Rosneft ქართულ ბაზარზე

Rosneft-ის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის აქციების შესყიდვას სამი უწყება სწავლობს

ტაბულა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, Rosneft-ის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის აქციების შესყიდვის იურიდიულ მხარეს სამი უწყება სწავლობს. ამის შესახებ მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"მოგეხსენებათ, ეს ტრანზაქცია ჩვენგან დამოუკიდებლად განხორციელდა. მე გავეცი დავალება და ეკონომიკის, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივად სწავლობენ ამ საკითხის იურიდიულ მხარეს და როდესაც შესწავლა დამთავრდება, მოგახსენებთ ამის შედეგებს", - თქვა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანია Rosneft-მა გასული წლის ბოლოს დავით იაკობაშვილის კუთვნილ კომპანია პეტროკასში აქციების 49 %-იანი წილი შეისყიდა. როსნეფტის განცხადებით, აღნიშნული გარიგება გააფართოებს კომპანიის ყოფნას ამიერკავკასიაში და გაზრდის მისი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს.

რუსული მედიის ინფორმაციით, Rosneft-ის მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა, აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება.

Rosneft ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2010 წლიდან ნავთობის საძიებო სამუშაოებს ეწევა, პარალელურად კი იქ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური აქვს გახსნილი და ქსელის გაფართოებას აპირებს. სულ კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე 12 ასეთი კომპლექსის გახსნას გეგმავს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება. თუ ეს საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მაშინ სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს. რუსულ სახელმწიფო კომპანიას ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული მიზნები რომ არ ამოძრავებს თითქოს საკამათო აღარ უნდა იყოს, თუმცა ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი როსნეფტის საქმიანობით არ ირღვევა, ხოლო სანქციების დაკისრება შეუძლებელია, რადგანაც, მათი თქმით, კომპანია ოფშორულ ზონაში აწარმოებს ფინანსურ გარიგებებს.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ იურისტებს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ცალსახად ირღვევა, პასუხისმგებლობის დაკისრება კი ხელისუფლებას სხვადასხვა მექანიზმებით შეუძლია.

ქართული ოცნების დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძე არგუმენტად იმას იშველიებს, რომ საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლის პროცესი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი მას პასუხობენ, რომ, განსხვავებით Rosneft-ისგან, ამ კომპანიების საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით, პუტინთან დაახლოებული კომპანიის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის აქციების ყიდვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. მათივე თქმით, მთავრობას ყველა ბერკეტი გააჩნდა აღნიშნული ტრანზაქციის დასაბლოკად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Rosneft-ის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის წინაააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ შემოიღეს. შეერთებულმა შტატებმა სხვა რუსულ კომპანიებთან ერთად, Rosneft-ს ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა აუკრძალა და კრედიტების მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა.  სანქციების ახალი ტალღის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს Rosneft-ისთვის იმ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება აკერძალათ, რომელიც ნავთობის საზღვაო შელფზე და არქტიკულ რეგიონებში მოპოვების, ასევე ფიქლის ნავთობის მოპოვების საშუალებას მისცემდა.

ევროკავშირის სანქციების მიხედვით, ევროპულ კომპანიებს და კერძო პირებს Rosneft-ის 30 დღეზე მეტი განაღდების ვადის მქონე ფასიანი ქაღალდების შეძენა აეკრძალათ.

რუსულ კომპანიაზე სანქციების დაკისრება მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ პეტიცია შეადგინეს, რომელშიც მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება და კომპანია Rosneft-ს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის საზღვაო აკვატორიაში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, კანონით გათვალისწინებული სანქციები დააკისროს.

კომენტარები