Rosneft ქართულ ბაზარზე

საქართველოს მოქალაქეები პეტიციით Rosneft-ის სანქცირებას მოითხოვენ

barentsobserver.com

საქართველოს მოქალაქეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ. ისინი მოითხოვენ, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება და კომპანია როსნეფტს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის საზღვაო აკვატორიაში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, დააკისროს კანონით გათვალისწინებული სანქციები. 

"2014 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტის მიერ „პეტროკასის" (Petrocas Energy International Limited) 49% წილის შეძენის შესახებ. პეტროკასი ფოთის პორტის ორ ნავთობტერმინალს ფლობს, რაც როსნეფტის ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც კომპანია ამიერკავკასიაში საკუთარი არსებობისა და საქმიანობის არეალის გაზრდას გეგმავს.

როსნეფტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, დასავლეთის ეკონომიკური სანქციების ადრესატი გახდა, 2009 წლიდან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შავი ზღვის შელფს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით ამუშავებს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება. ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აქვს თავის ხმელეთზე და კონტინენტურ შელფზე არსებული ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიებისა და ექსპლუატაციის ექსკლუზიური და სუვერენული უფლება, სახელმწიფოს სპეციალურ ლიცენზიას მოითხოვს არამხოლოდ ნავთობისა და გაზის მოპოვების დროს, არამედ მათი ძებნა-ძიების შემთხვევაშიც. ასეთი სახის ლიცენზია როსნეფტს არ გააჩნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უკანონოა.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გარდა, ოკუპირებული აფხაზეთის წყლებში როსნეფტის ოპერირება წინააღმდეგობაშია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციასთან, რომელიც უცხოურ კომპანიას ავალდებულებს მოიპოვოს წინასწარი ნებართვა იმ სახელმწიფოსგან, რომლის ტერიტორიულ წყლებშიც ის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას აპირებს. როსნეფტი თავის საქმიანობას ახორციელებს არა თბილისის ნებართვის, არამედ 2009 წლის 26 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მარიონეტულ მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 (2) მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით", - ნათქვამია პეტიციაში.

კომენტარები