Rosneft ქართულ ბაზარზე

გოცირიძე: Rosneft რუსეთის ეკონომიკური იარაღია

თეორემა/ტაბულა

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ Rosneft რუსეთის ეკონომიკური ბერკეტია, რომლითაც ფინანსური და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა ისაუბრა.

"ეს კომპანია უშუალოდ მონაწილე იყო ყირიმის ომში. ეს არ არის მარტო ბიზნესკომპანია, ეს არის კრემლის ეკონომიკური ბერკეტი, რომლითაც რუსეთი ახორციელებს, როგორც ფინანსური, ისე ეკონომიკური უსაფრთხოების ძირგამომთხრელ საქმიანობას. ფაქტობრივად, ეს არის კრემლის ეკონომიკური იარაღი. პირველად სწორედ Rosneft-მა მიიღო სანქცია, როგორც დიდმა ეკონომიკურმა სტრუქტურამ, მსოფლიოში ნომერ მესამეა, გიგანტი, დიდი რესურსებით.

ამ კომპანიის მიზანი არ არის ეკონომიკური მოგების მიღება. ვინაიდან ფოთის ზონაში რაიმე ეკონომიკური შედეგი არის, წყლით სავსე ჭიქაში რომ წვეთი დაამატო. ეს არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის აქტი. ეს არის კავკასიის გაკონტროლება, რომლის მიზანი არა მხოლოდ ფოთის პორტია, არამედ რუსეთის შემოსვლა კავკასიაში, დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული სომხეთით.

როსნეფტს ახლა აქვს უზარმაზარი კრიზისი, არ აქვს ფული. თუ არ ვცდები, 30 მილიარდი დოლარის სესხი აქვს აღებული დასავლეთის ბანკებისგან, მან მთავრობისგან მიიღო 600 მილიარდი რუსული რუბლი სესხად. მას დღეს არ აქვს ის რესურსი, რომ დაიწყოს ახალ ეკონომიკურ პროექტებზე ფიქრი, მან ძალიან დიდი პროექტები დახურა. ამ კომპანიას აქვს დღეს საკუთარი თავის გადარჩენის პრობლემა და არა ის, რომ საქართველოში რაღაც მომგებიანი ინვესტიციები განახორციელოს",- თქვა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანია Rosneft-მა გასული წლის ბოლოს დავით იაკობაშვილის კუთვნილ კომპანია პეტროკასში აქციების 49 %-იანი წილი შეისყიდა. როსნეფტის განცხადებით, აღნიშნული გარიგება გააფართოებს კომპანიის ყოფნას ამიერკავკასიაში და გაზრდის მისი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს.

რუსული მედიის ინფორმაციით, Rosneft-ის მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა, აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება.

Rosneft ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2010 წლიდან ნავთობის საძიებო სამუშაოებს ეწევა, პარალელურად კი იქ რამდენიმე ავტოგასამართი სადგური აქვს გახსნილი და ქსელის გაფართოებას აპირებს. სულ კომპანია აფხაზეთის ტერიტორიაზე 12 ასეთი კომპლექსის გახსნას გეგმავს.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვაო აკვატორიაში და კონტინენტურ შელფზე კრძალავს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოსგან ნებართვა ან ლიცენზირება სჭირდება. თუ ეს საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მაშინ სპეციალურ ნებართვას საქართველოს მთავრობა გასცემს. რუსულ სახელმწიფო კომპანიას ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული მიზნები რომ არ ამოძრავებს თითქოს საკამათო აღარ უნდა იყოს, თუმცა ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი როსნეფტის საქმიანობით არ ირღვევა, ხოლო სანქციების დაკისრება შეუძლებელია, რადგანაც, მათი თქმით, კომპანია ოფშორულ ზონაში აწარმოებს ფინანსურ გარიგებებს.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ იურისტებს. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი ცალსახად ირღვევა, პასუხისმგებლობის დაკისრება კი ხელისუფლებას სხვადასხვა მექანიზმებით შეუძლია.

ქართული ოცნების დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძე არგუმენტად იმას იშველიებს, რომ საქართველოში რუსული კომპანიების შემოსვლის პროცესი სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი მას პასუხობენ, რომ, განსხვავებით Rosneft-ისგან, ამ კომპანიების საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების აზრით, პუტინთან დაახლოებული კომპანიის მიერ ფოთის ნავთობტერმინალის აქციების ყიდვა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. მათივე თქმით, მთავრობას ყველა ბერკეტი გააჩნდა აღნიშნული ტრანზაქციის დასაბლოკად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Rosneft-ის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მოქმედებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინის წინაააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ შემოიღეს. შეერთებულმა შტატებმა სხვა რუსულ კომპანიებთან ერთად, Rosneft-ს ამერიკის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა აუკრძალა და კრედიტების მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა.  სანქციების ახალი ტალღის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს Rosneft-ისთვის იმ საქონლისა და ტექნოლოგიების მიწოდება აკერძალათ, რომელიც ნავთობის საზღვაო შელფზე და არქტიკულ რეგიონებში მოპოვების, ასევე ფიქლის ნავთობის მოპოვების საშუალებას მისცემდა.

ევროკავშირის სანქციების მიხედვით, ევროპულ კომპანიებს და კერძო პირებს Rosneft-ის 30 დღეზე მეტი განაღდების ვადის მქონე ფასიანი ქაღალდების შეძენა აეკრძალათ.

რუსულ კომპანიაზე სანქციების დაკისრება მოითხოვეს საქართველოს მოქალაქეებმა. მათ პეტიცია შეადგინეს, რომელშიც მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ნორმების აღსრულება და კომპანია Rosneft-ს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის საზღვაო აკვატორიაში უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, კანონით გათვალისწინებული სანქციები დააკისროს.

კომენტარები