უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

NGO-ები: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ზეგავლენისგან დაცული უნდა იყოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესი დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან - ამის შესახებ კოალიციის -დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის - უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შერჩევის საკითხთან დაკავშირებულ განცხადებაში წერია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული კანონმდებლობით, კანდიდატის შერჩევა და პარლამენტისთვის წარდგენა პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს, თუმცა საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითია, რომ კანდიდატურის შერჩევის, წარდგენის და დამტკიცების პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური იყოს.

კოალიციას - დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის - მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესისა და უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის როლის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის პროცესი იყოს გამჭვირვალე და შერჩეული კანდიდატი დაცული იყოს პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან.

„კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური უნდა იყოს. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, ნათელი იყოს როგორც იმ პროცედურის შინაარსი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი შეარჩევს კანდიდატურას, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესში პროფესიული, ექსპერტული და მიუკერძოებელი სუბიექტების მონაწილეობა, მათ შორის, პრეზიდენტთან კონსულტაციების გზით;

კანდიდატის შერჩევის პროცესი დაცული უნდა იყოს პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან. სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელისუფლო ინსტიტუტების მიმართ ნდობის განმტკიცების მიზნით პროცესი უნდა წარიმართოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით;

ნომინირებული კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, ამავდროულად პრინციპულობით და შეუვალობით სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში;

კანდიდატურის საკანონმდებლო ორგანოში განხილვის დროს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს პროცესის ღიად და დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით წარმართვა. საკომიტეტო მოსმენის შესახებ გონივრული ვადით ადრე უნდა გახდეს ცნობილი და ნომინირებულ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის;

საქართველოს პარლამენტის წევრებმა - პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა - კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინონ მხოლოდ ნომინირებული კანდიდატის პროფესიული თვისებები, ასევე ზოგადად საზოგადოების ინტერესები მართლმსაჯულების სიტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელების მიმართულებით.

პროცესის ვიწრო პარტიული ინტერესებიდან დისტანცირების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქციათა და ცალკეულ დეპუტატთა პოზიციები, ისევე როგორც არგუმენტაცია დაფიქსირებული და განმარტებული იქნას საზოგადოებისთვის სხვადასხვა გზით, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენისას ან/და მედიასთან საკითხზე კომენტირების დროს.

 მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გონივრულ ვადებში, უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე, რათა საზოგადოებაში არ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ხდება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება“, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოქმედი თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის უფლებამოსილების ვადა 2015 წლის თებერვალში იწურება.

კომენტარები