პატიმრების წამება

სახალხო დამცველი ბათუმის ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს

ombudsman.ge

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმის ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. ამის შესახებ ომბუდსმენმა სპეციალური განცხადება დღეს გაავრცელა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბორკილებდადებულ ბრალდებულს ფეხებით სცემეს გულმკერდის მიდამოებში, შემდეგ კი სამარტოო საკანში საბნისა და გათბობის გარეშე მოათავსეს.

"სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ბათუმის #3 დაწესებულების ბრალდებულმა შ.დ–მ, განაცხადა, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში ყოფნისას დაწესებულების თანამშრომელმა ექიმთან შეხვედრის უფლება არ მისცა. ბრალდებულის სიტყვიერი პროტესტის პასუხად ის ძალის გამოყენებით წაიყვანეს გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში, სადაც ხელებზე ბორკილდადებულს ფეხებით ცემდნენ გულმკერდის მიდამოებში. შემდეგ ბრალდებული მოათავსეს სამარტოო საკანში, საბნისა და გათბობის გარეშე. პროტესტის ნიშნად შ.დ.–მ თვითდაზიანება მიიყენა, რის შემდეგაც თხუთმეტამდე თანამშრომელმა ხელებზე ბორკილი დაადეს, იატაკზე დააწვინეს და უმოწყალოდ ცემეს. შემდეგ ისევ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში წაიყვანეს და ხელფეხშეკრული დილის ოთხ საათამდე იატაკზე დატოვეს. არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე რეაგირების მიზნით შ.დ.-მ 15 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა. ბრალდებულის განცხადებით, 20 ნოემბერს დაწესებულების თანამშრომლებმა მას განმეორებით მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც შ.დ-მ გონივრული მიღებისა და განთავსების საკანში ელექტრო ნათურის მინით სხეულზე მიიყენა მრავლობითი თვითდაზიანებები",- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატმა 4 დეკემბერს განცხადებით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ბათუმის #3 სასჯელაღსრულებითი დაწესებულების თანამშრომლების მიერ ბრალდებულის მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

კომენტარები