ფარული მოსმენები

დოლიძე: მოსმენების კანონპროექტზე პრემიერს ნამდვილად ვერ დავეთანხმები

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრის ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ფარული მოსმენების შესახებ სესიაშვილი-ფოფხაძე-ბესელიას კანონპროექტის მიღება "სწორედ რომ სახელმწიფოებრივად არ არის სწორი გადაწყვეტილება. სწორედ რომ ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს შენების თვალსაზრისით არის დამაზიანებელი". დოლიძემ საქართველოს პრემიერმინისტრს უპასუხა, რომელმაც ფარული მოსმენების კანონპროექტზე პარლამენტის მიღებულ გუშინდელ გადაწყვეტილებას "სახელმწიფოებრივი" უწოდა.  

"თვალში ნაცარს ნამდვილად ვერ შევიყრით და ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონპროექტი არის ოპტიმალური და საუკეთესო ვარიანტი. ამაში პრემიერს მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი პრინციპულ პოზიციას დააფიქსირებს ისევე, როგორც დააფიქსირა მანამდე. ჩვენს მოთხოვნაზე ეს დამოკიდებული არ არის, ეს სრულად მისი დისკრეციაა", - აღნიშნა დოლიძემ.

პარლამენტმა გუშინ ფარული მოსმენების შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის სამი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი 75 ხმით 58-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71-მა დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა.

კომენტარები