რელიგიური დისკრიმინაცია

ნანუკას შოუს დისკრიმინაციული გადაცემის გამო, რუსთავი 2 ბოდიშს იხდის

რუსთავი 2 ნანუკა ჟორჟოლიანის გუშინდელ გადაცემაში გასული რელიგიური დისკრიმინაციის შემცველი ფრაზების გამო ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას.

"რუსთავი 2 ბოდიშს იხდის თუ მის ეთერში გუშინ გასულ ტელეგადაცემა ნანუკას შოუში უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის წევრთა გრძნობების შებღალვა, ან მათი უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვა. რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას. ტელეგადაცემა ნანუკას შოუ გარე სტუდიის მიერ წარმოებული ტელეპროდუქტია, ჩვენი ტელეკომპანია არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში და შესაბამისად, მოკლებულია კონტენტის რეგულირების მექანიზმებს. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ეთერში გასული ნებისმიერი გადაცემის შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან რუსთავი-2-ის ეთიკის საბჭოს განსჯადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს და მის განცხადებას დროულად და ეფექტიანად განვიხილავთ. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასევე მიესალმება გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომელმაც თავის განცხადებაში დაადასტურა რელიგიური მრავალფეროვნების და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში მის გადაცემაში გარკვეული გადაცდომისთვის", - ნათქვამია რუსთავი 2-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 ნოემბრის გადაცემაში ნანუკას შოუ სტუმრად იმყოფებოდა პროექტ ნიჭიერის მონაწილე გევორქ პეტროსიანი, რომელმაც იეჰოვას მოწმეები მოიხსენია “საშიშ, სასტიკ და ტოტალიტარულ სექტად” და აღნიშნა, რომ პროექტში მისი მონაწილეობის მიზანი საზოგადოებისთვის სწორედ ამის შეტყობინება იყო. წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა არ შეაჩერა გადაცემის სტუმარი და თავადაც გამოიყენა დისკრიმინაციული ტერმინები: “ანუ ძაან ბნელა”, “იეღოველები აგრესიულები ხომ არ არიან?”, “თქვენ სიტყვას მაძლევთ, რომ აქ იეღოველები არ მომივარდებიან? მეშინია მე მაგათი”, “კარგი ქენით, რომ წამოხვედით”,“იეღოველები დაზომბირებულები არიან?” “ძაან მეშინია, რომ არ დამაგიპნოზონ”. 

კომენტარები