რელიგიური დისკრიმინაცია

მიქელაძე: სტრასბურგმა ქობულეთის პანსიონატის საქმეზე რელიგიური დისკრიმინაცია დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ქობულეთის პანსიონატის საქმეზე დაადგინა, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლება - ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე ავრცელებს. 

შემთხვევა 2011 წელს ქობულეში მოხდა. მიქელაძის თქმით, შემზარავი ისლამოფობიური აქტი იყო, "როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა პანსიონატის ჭიშკართან ღორი დაკლა და მისი თავი შენობის კარზე მიაჭედა. მომდევნო თვეები კი პანსიონატის შენობასთან ორგანიზებული აქციებით და მორიგეობით ავიწროებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ სასულიერო პირებს და პანსიონატის სტაფს".

მიქელაძის ცნობით, სახელმწიფომ უარი თქვა მუსლიმი თემის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე, ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის შევიწროების და ძალადობის მინიმუმ 9 უმძიმესი შემთხვევა იყო. 

"ქობულეთის პანსიონატის საქმეზე, რომელიც 2014 წლიდან ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას და დისკრიმინაციულ შევიწროებას უკავშირდება და რომელშიც სახელმწიფომ მუსლიმი თემის უსაფრთხოების და უფლებების დაცვაზე დემონსტრაციული უარი თქვა და ამ დრომდე უკვე 9 წელია იგივეს აკეთებს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეების მიმართ დაარღვია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და რელიგიის თავისუფლება, დისკრიმინაციასთან ერთად, ასევე საკუთრების უფლება.

ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სამართლის სისტემის შიგნით ჩვენი მოქალაქეები ვერ იღებენ დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას, ამას ვახერხებთ ევროპული სასამართლოს გზით და მართლმსაჯულება მაინც ზეიმობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის შევიწროების და ძალადობის მინიმუმ 9 უმძიმესი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმებს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უფლებას არ აძლევდა, ან თავად სახელმწიფო უხეშად არღვევა მათ უფლებებს რელიგიის თავისუფლებაში თვითნებური ჩარევით და ზოგჯერ ძალადობით მათზე" . - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე Facebook-ის პირად გვერდზე.  

კომენტარები