ლატვია-საქართველო

ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

Giorgi Margvelashvili/Fb.com

ლატვიის პრეზიდენტი ანდრის ბერზინში საქართველოს ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერზინში საქართველოში გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ლატვიის ელჩი საქართველოში და საქართველოს ელჩი ლატვიაში, პრეზიდენტის მრჩევლები და მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს დაიწყება. პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. შეხვედრის დასრულებითანავე გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარეთან.

ანდრის ბერზინში გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. გარდა ამისა, ლატვიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის ერთობლივ ბიზნესფორუმში. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება სხვადასხვა სამინისტროსთან.

27 ნოემბერს, ლატვიის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი და ანდრის ბერზინში აჭარის რეგიონსაც ეწვევიან. ანდრის ბერზინში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. ასევე დაესწრება ლატვიის საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიას და ბიზნესფორუმის ფარგლებში - საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციას. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება ბათუმისა და იურმალის დამეგობრების შესახებ ხელშეკრულებას.

ლატვიის პირველი პირი საზღვაო აკადემიასაც ესტუმრება, სადაც მხარეები თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
ლატვიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები არიან, საქართველოს 27 ნოემბერს დატოვებს. 

კომენტარები