ფეხბურთი

წერილი თემურს

გამარჯობა, თემურ,

როგორ ხარ? იმედია, კარგად. მოიწერე როგორ ჩახვედი და დაბინავდი, ხომ იცი, ჩვენ ძალიან გვაღელვებს შენი ბედი.

ყველაფერი რაღაც ისე მოხდა, უსიამოვნოდ. შეიძლება ნაწყენი წახვედი, მაგრამ, თემურ, გულის სიღრმეში შენც ხომ იცი - ეს ასე უნდა მომხდარიყო. უნდა წასულიყავი, მხოლოდ ჩვენთვის კი არა, შენთვისაც ასე ჯობია!

დაგაგვიანდა კიდეც. ხომ გახსოვს, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გირჩევდი - წადი-მეთქი.

შენი ბოლო მატჩი ნაკრებში - დინამო არენა, საკუთარ კარში მიღებული ოთხი ბურთი და ყველა დროის ანტირეკორდი...

არადა, მაგრად დაიწყე, წაუგებელი გუნდი შექმენი და მერე რა, რომ ვიღაცები დაცვით სტილს გიწუნებდნენ? მთავარი შედეგი იყო და შედეგი გქონდა.

10-მატჩიანი წაუგებელი სერია და ხორვატიასთან თბილისში დაუვიწყარი გამარჯვება ვინ უნამუსომ უნდა დაგიკარგოს? აუ, რა კარგი დღე იყო 2012 წლის 26 მარტი, ახლაც მაჟრიალებს რომ ვიხსენებ...

მერე რაც ჩაიდინე, მაგას დიდხანს ვერ გპატიობდი. სწორედ იმ საოცარ მატჩში ერთადერთი გოლის გამტანი კობი და იაშკა რატომ აითვალწუნე, ახლაც ვერ ამიხსნია... ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესს ვიწყებ, ახალგაზრდები უნდა დავაწინაუროო, თქვი და ამ დროს, შემდგომ წლებში, 34 წლის კვირკველიას, 32 წლის დოლიძეს, 32 წლის ხიზანიშვილს იწვევდი... უნდა მოგეწვია, კი - გჭირდებოდა და სწორედ ასევე უნდა გამოგეყენებინა კობიც, რომელიც იმ ავბედითი 2011 წლის 11 ოქტომბრის შემდეგ კიდევ თამაშობდა მაღალ დონეზე გერმანიის ბუნდესლიგაში, იქ სადაც დღესდღეობით ქართველ ფეხბურთელებს საოცნებოდ აქვთ მოხვედრა. იაშკაც, როგორც პროფესიონალს შეშვენის, ბოლომდე ინარჩუნებდა კონდიციებს და აზერბაიჯანში გადაბარგებული, კარგადაც თამაშობდა.

თავად არც უჩხუბიათ, ხომ იცი, ასეთები არ არიან. მათ თავისი ეწყინათ - ნაკრებიდან გაშვების ფორმა არ ესიამოვნათ. ახლა რომ ვიხსენებ, მეც ძალიან მწყინს ასე რომ მოხდა.

ამისულაშვილი, ხიზანიშვილი, გოგუა, ყენია... ამათთან ურთიერთობა დაგეძაბა და საბოლოოდ, ვფიქრობ, გუნდი დაზარალდა. იმაში არ მეთანხმები, რომ ალეკოსა და ზურას კლასი ნაკრებს მაგრად გამოადგებოდა ? იმაში მაინც დამეთანხმე, რომ თუნდაც გოგიტასთან და ლევანთან კონფლიქტებს ნაკრების სულისკვეთებაზე კარგად არ უმოქმედია. ამაზე ვერაფერს გეტყვი, არ ვიცი, შენი ბრალია თუ მათი, ვცდილობ სამართლიანი ვიყო - ვერც შენ დაგიჯერებ, ვერც მათ. უბრალოდ, ფაქტი ფაქტად რჩება - ამდენი კონფლიქტური სიტუაცია, ამდენი განაწყენებულ-გაბუტული ხალხი. ძალიან ცუდია...

თემურ, რამდენი წელი იყავი ნაკრების მწვრთნელი 4-5? სამ შესარჩევ ციკლში კი უხელმძღვანელე გუნდს, ჯერჯერობით რეკორდსმენი ხარ. ერთ ჯგუფში მეხუთე ადგილზე გავედით, მეორეში მეოთხეზე, ახლა კი წახვედი და კვლავ მეხუთეზე დაგვტოვე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ დღეს, ქართველი ფეხბურთელების კვალიფიკაცია ახლო წარსულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. სამწუხაროდ, ის დრო, როცა ქართველები მილანში, რეინჯერსში, შალკეში თუ სხვა ცნობილ ევროპულ კლუბებში თამაშობდნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, მაგრამ...

ქეცბაიას ხელმძღვანელობით ბოლო მატჩი ჯვაროსნება პოლონეთთან რეკორდული ანგარიშით, 0:4 დათმეს.
ფოტო: UEFA.com

წასვლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში მისულხარ და გითქვამს, ქართული ფეხბურთი მკვდარიაო. ეს აქამდეც ბევრჯერ გამიგონია შენგან, რის საფუძველზე მთხოვთ, რომ ნაკრებმა ირლანდიას, შოტლანდიას,პოლონეთს თუ სხვას მოუგოსო.

როდესაც მოხვედი, მაშინ არ იყო ასე? უკეთესი მდგომარეობა თუ იყო (არადა, მახსოვს, 2010 წელს თქვი, ქართული ფეხბურთი გაპარტახებულიაო), ელემენტარული შედეგი მაინც როგორ ვერ აჩვენე?! გუნდი საბერძნეთთან, ხორვატიასთან, ისრაელთან, ლატვიასთან და მალტასთან ერთად რომ იყო ჯგუფში, მხოლოდ ამ უკანასკნელს აჯობა, მეხუთე საფეხურს დასჯერდა - ევრო 2012-ზე გასვლას ვინღა ჩიოდა?!

თუ სიტუაცია შემდგომში გაუარესდა და ჩვენ, ეროვნული ნაკრებისგან არანაირი საფუძველი არ უნდა გვქონოდა შედეგის მოლოდინისა, რაღატომ ინარჩუნებდი პოსტს, გაუგებარია...

რაღაცებში მხოლოდ შენი კი არა, ფედერაციისაც არ მესმის.

ამ დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოვისმინე - ქართულ ფეხბურთს დედა ეტირა და რას სთხოვთ ქეცბაიას, ჯადოქარია, რომ შედეგი მოგვცესო? ამაზე ჩემი პასუხი ასეთია: თუ არ უნდა მოვთხოვოთ არაფერი, მაშინ მაღალანაზღაურებადი მწვრთნელიც არაფრად გვინდა.

შევეცდები ჩემი სათქმელი მარტივი მაგალითით ავხსნა:

საქართველოს ნაკრები დღეს ფიატია. ის მერსედესებთან, BMW-ებთან და მისთანებთან რბოლაში ფაქტობრივად უშანსოდაა. აღარაფერს ვამბობ, ფერარიზე, ბუგატიზე და ასეთებზე. მაშასადამე, თუ შენ გყავს ფიატი, საჭესთან სულ რომ შუმახერი, ჰამილტონი ან თუგინდ ალონსო დასვა, მანქანას თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ხომ აქვს?! ვერ გაუსწრებ...

ანუ რა ხდება: შენ არ გაქვს ბევრი ფული, უამრავი პრობლემა გაქვს ისედაც, ამ დროს კი მილიონებს უხდი მაღალანაზღაურებად მწვრთნელს და თან პარალელურად განუწყვეტლივ აცხადებ - ფეხბურთელების დონე დაბალია, ჩემპიონატისაც, უამრავი პრობლემაა და რა ქნას იმ კაცმაო?! ლოგიკა სად არის?

თუ ამდენს ხვდები, რომ ბევრი პრობლემა გაქვს, ნაკრებში ნორმალურ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელები უმცირესობაში არიან, ხოლო უმრავლესობა დაბალი დონის კლუბებში თამაშობს, ზოგი კი საერთოდ არსადაც არ ირიცხება, ფედერაციავ, მოიყვანე შესაბამისი ან თუნდაც შედარებით მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი (დამიჯერე, მილიონ ორასი ათასზე ბევრად ნაკლებად შეიძლება ასეთის პოვნა) და ამ დროს მუხლჩაუხრელად იშრომე ქართულ ფეხბურთში არსებული მინუსების გამოსწორებაზე. ეს ბევრად ლოგიკურად მეჩვენება.

როდესაც პოსტზე დაინიშნე, რამე კონკრეტული მიზანი დაგისახეს? თუ კი, რა? თუ არა და -რატომ არა? თუ ჯგუფში მეხუთე დაკავებული ადგილით ვიმსჯელებთ, მსგავსი არაფერი ყოფილა...

მაშინ, 10-მატჩიანი წაუგებელი სერია მაინც იყო და შესაძლოა ამან გადაფარა ქვეჯგუფში წარუმატებლობა. შემდგომში მაინც დაგისახეს ამოცანა? თუ კი, მეოთხე ადგილზე გასვლა? თუ ასეა, შეგისრულებია...

არ ვიცი, ამაზე ფედერაციამ უნდა მიპასუხოს. ეს კითხვები ერთ-ერთ სტატიაში 2012 წელსაც დავსვი და როგორც ხედავ, ახლაც პასუხგაუცემელია...

რადგან ამდენ თემას შევეხე, მოდი ხელფასზეც ვიტყვი, ოღონდ მოკლედ.

მიმდინარე წლის თებერვლამდე, შენი და სამწვრთნელო შტაბის ხელფასი 2 520 000 ლარს შეადგენდა, თებერვალში 30%-ით კი შეგიმცირდა, მაგრამ...

ეს თანხა შენ კონტრაქტში ჩაგიწერეს და მას კანონიერად იღებდი. აი, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ „გაპარტახებული“, „მკვდარი“ ქართული ფეხბურთის პირობებში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სანაკრებო მწვრთნელი გამხდარიყავი, რამდენად სწორად და რაციონალურად მოიქცა, გულშემატკივარმა განსაჯოს...

თემურ ქეცბაია შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩის წინ
ფოტო: Dailyrecord.co.uk

იმავე ადამიანების გადაწყვეტილებაც განსაჯოს ხალხმა, ვინც ეროვნული გუნდის მწვრთნელად, ნაკრებში მუშაობის გამოცდილების არმქონე სპეციალისტი მოიყვანა. ეს ასე ჩვენთან პირველად არ მოხდა, მაგალითად, კლაუს ტოპმიოლერიც და ჰეკტორ რაულ კუპერიც საქართველოში ჩამოსვლამდე ძალიან წარმატებულები იყვნენ, მაგრამ ხაზგასმით საკლუბო ფეხბურთში. ისინი ნაკრების სპეციფიკაში ღრმად ჩახედულები არ იყვნენ, არ ჰქონდათ ნამუშევარი და საქართველოს ეროვნულ გუნდში მაღალანაზღაურებად პოსტზე დანიშვნა, მათთვის სრულიად ახალი გამოწვევა იყო. ასევე მოხდა შენს შემთხვევაშიც, თემურ...

მოკლედ, მაინც არ გამოვიდა იოლად წასაკითხი წერილი, არა?!

თუ ახლა ამას კითხულობ, ალბათ ძალიან ბრაზობ. სავარაუდოდ, თითქმის არაფერში არ მეთანხმები და ფიქრობ, რომ სხვა ქართველი სპორტული ჟურნალისტების მსგავსად მეც არ ვუქნივარ ღმერთს. შენ გგონია მე არ ვიცი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი გაკრიტიკებდა უარგუმენტოდ, არაპროფესიონალურად? მაგრამ რა ვქნა, რომ ზემოთ ჩემ მიერ დაწერილი ასეთად არ მიმაჩნია...

ბოლოს, მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. ყველაფერი, რაც ზემოთ მოგწერე რომ არ მეთქვა, არ შემეძლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენი მტერი ვარ. ასევე არ ნიშნავს, რომ გულმავიწყი ვარ და არ მახსოვს შენი დამსახურება საქართველოს ნაკრებისა და ქვეყნის წინაშე.

შენ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში შენი სიტყვა თქვი და ნეტავ ბევრმა თუ არა, თუნდაც ცოტამ მაინც თქვას ისე.

უსაზღვროდ შრომისმოყვარე, თავდაუზოგავი, მებრძოლი და თავდადებული - ასეთი მახსოვს თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრებში მე, და ჩემთან ერთად უამრავ ქართველს. აღარაფერს ვამბობ შენს საკლუბო კარიერაზე, როგორსაც ბევრი მოთამაშე ინატრებდა...

ჰო, ასეა, კი გაკრიტიკებ, მაგრამ შენი მტერი არ ვარ. ის, ვინც ქეცბაიას ნაკრებში მისი აზრით წარუმატებელი მუშაობის გამო, ფეხბურთელობისას ეროვნული გუნდის წინაშე ღვაწლს დაუკარგავს, კარგი კაცი არ არის. შენც ეცადე ამაზე არ იდარდო. ეს ის ხალხია, ვინც კახა კალაძეს საკუთარ კარში გატანილი ორი გოლის გამო ხაზი გადაუსვა... არ ღირს მათზე ყურადღების გამახვილება.

მჯერა, კლუბში თუ დაიწყებ მუშაობას, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ. იმედი მაქვს, თუ რომელიმე ქვეყნის ნაკრებს ჩაიბარებ, ჯვაროსნებთან მიღებული 5-წლიანი გამოცდილებაც გამოგადგება.

ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა...

რას ვიზამთ, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შენ შენს გზაზე წარმატებით ივლი, ხოლო ნაკრები თავისაზე. დღეს, ეს მეორე, სამწუხაროდ, ნაკლებად რეალისტურად ჩანს.

ნახვამდის, თემურ

კომენტარები