თავისუფალი დემოკრატები

ფანჯიკიძე: ჩვენ ზუსტად ვიცით, რა კონკრეტული ნაბიჯები იყო და არის დაგეგმილი

Facebook / maiapanjikidzeofficial

"ჩემი ინტერესი არის ის, რომ საქართველომ დასავლური გზა გააგრძელოს. ჩვენ ვიცით, რა გვქონდა ჩვენ დაგეგმილი და  ჯერჯერობით თუკი რამე შეხვედრა ტარდება და ვიზიტი ხორციელდება, ჩვენი დაგეგმვის ინერციით მიდის ასე ვთქვათ" - განაცხადა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევნებში საუბრისას.

მისი თქმით, ერთი რას ამბობს მთავრობა ევროატლანტიკური კურსის უცვლელობაზე და მეორეა კონკრეტული ნაბიჯები.

"ჩვენ ყველაზე კარგად შეგვიძლია დავაკვირდეთ იმას, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად კარგად შეასრულებს მთავრობა იმას, რასაც ამბობს. ახლა ერთმანეთს ასწრებდნენ მთავრობის წევრები იმის თქმას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არ იცვლება. მაგრამ ერთია თქმა და მეორეა კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა კონკრეტული ნაბიჯები იყო და არის დაგეგმილი უახლოესი თვეების განმავლობაში.

მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ იმ პაკეტს, რაც ჩვენ ნატოსგან მივიღეთ და იმ დეკრალაციას, რომლის თითიოეულ სიტყვაზეც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოლეთ, ახლა ხორცშესხმა სჭირდება. ეს ეჯრჯეობით არის მხოლოდ ქაღალდზე. ჩვენ ამით არ მიგვიღია არაფერი კონკრეტული. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ჯერ არ ამაღლებულა. თავდაცვის სამინისტრომ უკვე ჩამოაყალიბა ის პუნქტები, რაც გვინდა, რომ ვიხილოთ პაკეტში. ჩვენ ახლა უნდა მივადევნოთ თვალი, შესრულდება თუ არა ეს ყველაფერი და მივიღებთ თუ არა იმის მაქსიმუმს, რისი მიღებაც შეგვიძლია. ამას ჩვენ ძალიან ზუსტად  გავაკონტროლებთ.

ის მოვლენები, რომელიც განვითარდა წინა კვირას და რასაც მოჰყვა თავდაცვის მინისტრისა და შემდეგ ჩვენი წასვლა, ძალიან აზიანებს ამ პაკეტის მიღებას.

გასული კვირის მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ამაში [საქართველოს დასავლურ კურსში] ეჭვი შემატანინა, ეს ეჭვები ჯერჯერობით გაფანტული არ არის. ის გაიფანტება მაშინ, თუ ჩვენი გეგმა ისე განხორციელდება, როგორც გვსურდა. თუკი ის ერთი დღით მაინც შეფერხდება, მაშინ მექნება არა მხოლოდ ეჭვის, არამედ არგუმენტის მოტანის საშუალება" - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კომენტარები