თეორემა

დიქტატურა მოდის, დემოკრატია საფრთხეშია, თავისუფალი დემოკრატები გადადგნენ

" ახლოვდება დიქტატურა, დემოკრატია საფრთხეშია, მე გადავდექი" - ასე გამოეხმაურა აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა, მისივე თქმით ავანტიურისტი და უჭკუო მინისტრი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა,

ოპოზიციაში გადასული თავისუფალი დემოკრატები ნაციონალური მოძრაობის ენით ალაპარაკდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი საფრთხეშია, ხოლო პროკურატურას ხელისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იყენებს. რესპუბლიკურმა პარტიამ დავით უსუფაშვილის მიერ დამკვიდრებულ ტრადიციას არ უღალატა. 9 აპრილის შემდეგ, კომუნისტური პარტიის შიგნიდან რეფორმირების მოსურნე პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ჩანს, ქართული ოცნების შიგნიდან გარდაქმნის იმედს არ კარგავს. რამდენიმე დღის წინ, მან განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია იქნება ბოლო, ვინც ბიძინა ივანიშვილის კოალიციის რიგებს დატოვებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველ რესპუბლიკელებს ანტიფაშისტი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ცნობილი სიტყვების გამეორება არ მოუწევთ - თვალნათელია, რომ ის ვინც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ რეპრესიებს ამართლებდა, დღეს თავად იქცა პოლიტიკური დევნის ობიექტად.

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ უახლოეს მომავალში, რომელიმე საერთშორისო გამოცემაში მორიგ 200 000-იან რეკლამას ვნახავთ, იმაზე თუ როგორ დევნის ალასანიას მისი წარსული და არა დასავლეთისკენ მიმავალ გზას აცდენილი ოლიგარქი.

გამოცდილება გვასწავლის, რომ რამდენი პანიგირიკიც უნდა მიუძღვნას უსუფაშვილმა ოლიგარქს, სოლოლაკელ ზვიგენს მალე მოშივდება, მისი საკბილო რესპუბლიკური პარტია გახდება და შესაძლოა აღარავინ იყოს, ვინც მის დაცვას შეძლებს. ქართველ რესპუბლიკელებს და ალასანიას წასვლით გამოწვეულ კრიზისს თეორემას მეორე ნაწილში, სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ.

კომენტარები