ენმ-ის განცხადება

ენმ: რუსეთი აფხაზეთთან ანექსიის შეთანხმებას ამზადებს

საქართველოს უმთავრესი სატკივარის - ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისგან გადარჩენის ამოცანისთვის ერთიანი ძალისხმევის გეგმაზომიერი და ეფექტური პროცესის წარმართვაა საჭირო - ნათქვამია ენმ-ის სათათბირო განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ რუსეთი აფხაზეთთან ამზადებს ანექსიის შეთანხმებას, რაც რუსეთის მრავალი ათწლეულის წინ დაწყებული ექსპანსიური ქმედებების დასკვნითი ნაწილია.

„რუსული პოლიტიკის განსაკუთრებული ცინიზმი, დღეს გამოხატულია ფაქტობრივი ოკუპაციის დაკანონების მცდელობით. აფხაზეთის ანექსიის ხელშეკრულებით, რუსეთთან ადმინისტრაციულ და სამხედრო სფეროების შერწყმა, არარაობად აქცევს ე.წ. 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების თუნდაც შორეულ პერსპექტივას. სამწუხაროდ, „გადატვირთვის“ ცივილიზებულმა კონცეფციამ რუსეთთან მიმართებით ვერ იმუშავა. პოლიტიკური თავხედობის და საერთაშორისო პრინციპების უგულებელყოფის აშკარა მაგალითია აფხაზეთის ანექსიის საბოლოოდ გაფორმების მცდელობა“, - წერია განცხადებაში.  

ენმ-ის განცხადებაში წერია, რომ საქართველოს მთავრობა ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური დევნით იყო გართული და საერთაშორისო ასპარეზზე ყველა პოზიცია დათმო.

„შინა პარტიულ დაპირისპირებას და ოპოზიციონერების პოლიტიკურ დევნას გადაყოლილი საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება სრულიად მცდარ, უნაყოფო და უპერსპექტივო გზას დაადგა. რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ იდეით გატაცებამ, ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა პოზიციის დათმობამ საერთაშორისო დონეზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის დაკნინება გამოიწვია. ვითომ ორმაგი თამაშის „ბრძნულმა“ სტრატეგიამ, რუსეთისგან მხოლოდ პერმანენტული დამცირება გამოიწვია და დიდი დარტყმის მომენტიც მოამზადა. საქართველოს მთავრობის უკრაინის მოვლენებისგან აშკარა გამიჯვნამ და რამდენიმე უნიათო ჟესტმა, ქვეყნის სერიოზული დამუხრუჭება გამოიწვია დროში და საერთაშორისო პროცესში. იმ ფაქტმა, რომ ასოცირების ხელმოწერა დაჩქარდა, სწორედ ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინასთან ერთად ყოფნის გამო, შესაბამისი ასახვა ვერ ჰპოვა ქართული სახელმწიფოს საგარეო აქტიურობის სახით.

პროგნოზები გამართლდა და „კარასინ-აბაშიძის“ პრაღის შეხვედრები სრულიად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, ხოლო ჟენევის მნიშვნელოვანი ფორმატი დაკნინდა. საგარეო უწყებამ რუსული პოლიტიკის რეალური ფაქტების დაფარვით და არასწორი აქცენტებით, მკვეთრად დაასუსტა ძირითადი ამოცანის მისაღწევი საგარეო საქმიანობა. არაღიარების და საქართველოს დეოკუპაციის აქტიური პოლიტიკა ფაქტობრივად ჩაკვდა. მთავრობის ხელმძღვანელმა უმძიმესი საჯარო შეცდომა დაუშვა აფხაზეთის ოცდახუთწლიანი მოვლენების შეფასებისას. საპარლამენტო და სამთავრობო მმართველი გუნდი მთელი მსოფლიოსთვის სრულიად ცხად, 2008 წლის სამხედრო აგრესიას საქარველოს წინა მთავრობისთვის დაბრალებას ცდილობდა პოლიტიკური რევანშის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ენმ ასევე მოუწოდებს ყველას, რეაგირება მოახდინოს ე.წ. დაღესტნური გზის წინააღმდეგ.

„საქართველოში არ არსებობს რუსეთიდან რამე გზა, რომელიც არ ყოფილიყოს გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. მტრისგან მომავალი გზები - სამხედრო გზა, აფხაზეთის რკინიგზა, როკის გვირაბი - სხვადასხვა დროს რუსეთმა გამოიყენა საქართველოზე სამხედრო თავდასხმისთვის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ასეთი საფრთხის შემცველი პროექტები მეტ დაფიქრებას და კომპეტენციას მოითხოვს. სამაგიეროდ, მთავრობის ქმედებებით შეფერხდა საქართველოსათვის გეოპოლიტიკურად და ეკონომიკურად მომგებიანი აზია-ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო არტერიის მშენებლობის და ფუნქციონირების დაწყების პროცესი, რაც ისევ რუსეთს აძლევს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობის აზრით, ასევე აზრს კარგავს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ეგიდით მიღწეული შეთანხმებაც, რომელიც, თუნდაც ირიბი გზით, ფსოუზე ტვირთების ტრანზიტის კონტროლის საშუალებას იძლევა. ეს მექანიზმიც საერთოდ არ გააქტიურებულა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. ამავდროულად, სახეზეა სარისკო ტენდენცია ქართული ნაწარმის დიდი წილის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებისა.

ენმ-ის განცხადებაში წერია, რომ ურთიერთბრალდებების და სამკვდრო-სასიციცხლო დაპირისპირების დრო არ არის და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„დაგვიანებული და პოლიტიკურად უსუსური ნაბიჯები ვერ გვიშველის. აფხაზეთის, საქართველოს და ყირიმის, უკრაინის პრობლემატიკა ერთდროულად და თანაბრად უნდა მოექცეს საერთაშორისო პოლიტიკური პროცესის ცენტრში. ასეთი საკითხების გაძღოლას დისკრედიტებული მოხელეები და გამრუდებული პოლიტიკის მსახურნი უნდა ჩამოშორდნენ. მხოლოდ კომპეტენტური და ეფექტური ნაბიჯებით შეიძლება მდგომარეობის გამოსწორება. ყველა, ვისაც ხელეწიფება წვლილის შეტანა ამ საგანგაშო ვითარების საშველად, უნდა იყოს ჩართული პროცესში.

სამწუხაროდ, ხელისუფლებას შესაბამისი ხედვა და რესურსი არ აქვს, იგი ვერ შეძლებს სიტუაციის პოზიტიურ ცვლილებას და ქვეყანას უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის. ბოლო დღეების სამთავრობო დაპირისპირებამ, სახელისუფლებო კოალიციის რღვევამ და ოლიგარქიული მმართველობის ნეგატიურმა შედეგებმა ამაში დაგვარწმუნა. დღეს საჭიროა კონსოლიდაცია და გონივრული, პატრიოტული, პრინციპული გადაწყვეტილებები. გვერდზე უნდა გადაიდოს ყველა სხვა მოტივი. საზოგადოებამ ნათელი ხედვის, საქმის მცოდნე და სამშობლოსათვის უანგაროდ თავდადებულ ადამიანებს უნდა ანდოს ქართული საქმის კეთება. 15 ნოემბერს ეს მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა განცხადდეს!“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები