კრიზისი უკრაინაში

პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ე.წ. არჩევნებს ატარებენ

Reuters

პრორუსი სეპარატისტები აღმოსავლეთ უკრაინაში დღეს ე.წ. არჩევნებს ატარებენ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მიმდინარეობს. უკრაინა, აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ არჩევნებს და მას უკანონოს უწოდებენ, თუმცა, რუსეთი არჩევნებს მხარს უჭერს.

სეპარატისტების განცხადებით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, არ აქვთ ვალდებულება უკრაინის კანონმდებლობას დაექვემდებარონ. მათი თქმით, არჩევნებისთვის 3 მილიონი ბიულეტენია დაბეჭდილი. "ეს არჩევნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ჩვენს ძალაუფლებას ლეგიტიმაციას მისცემს და კიევისგან დისტანცირებული ვიქნებით", - აცხადებენ ისინი.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, არჩევნებით მინსკის 5 სექტემბრის შეთანხმება ირღვევა. მისი თქმით, ესაა „ფსევდო-არჩევნები, როცა ტერორისტებსა და ბანდიტებს ოკუპირებული ტერიტორიების მართვა სურთ".

ორივე არაღიარებულმა რესპუბლიკამ საარჩევნო კანონი სექტემბერში შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი და პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევა.

საპრეზიდენტო კანდიდატები რესპუბლიკაში მინიმუმ ბოლო 10 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდნენ, ხოლო პარლამენტის წევრები - 5-ით.

დონეცკში, მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი ალექსანდრ ზახარჩენკოა. ხოლო ლუგანსკში იგორ პლოტნიცკი.

პარალელურად კი დაძაბულობა გრძელდება. რეგიონში, პარასკევის შემდეგ დაპირისპრებისას, სულ ცოტა 7 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. მას ამ დრომდე სულ ცოტა 3700 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები