საჯარო მოხელეები

ვიცე-მერი: ბარიერი მოხელეთა 40%-მა დაძლია, რაც დაბალი მაჩვენებელი არ არის

facebook.com/alexandermargishvili

თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, კანონის შესაბამისად, მერიაში თანამდებობებზე ტესტირებაგავლილი თანამშრომლები დარჩებიან. მარგიშვილმა ტესტირების პირველი დღე შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გამსვლელი ქულა 196-მა თანამშრომელმა მოიპოვა, რაც ტესტირებაში მონაწილეთა 40%-ია. ვიცე-მერის თქმით, გასაუბრების ეტაპზე გაირკვევა, რამდენი მათგანი დარჩება მერიაში თანამდებობაზე. 

ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, იმ პირების გათავისუფლება, რომლებიც ტესტირებას ვერ ჩააბარებენ, კანონის თანახმად, შესაძლებელია. მისივე განმარტებით, გათავისუფლებული პირებიდან ვინ დაინიშნება მოვალეობის შემსრულებლად, ამას თბილისის მერი გადაწყვეტს და არა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. მარგიშვილის თქმით, ის პირები, რომლებიც ტესტირებას ვერ გაივლიან, ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლებად შესაძლოა დეკემბრამდე დარჩნენ, შემდგომ კი თანამდებობებზე კონკურსის შედეგად შერჩეული პირები დაინიშნებიან. 
მისივე განცხადებით, იმ პირებს, რომლებიც ტესტირებას ვერ დაძლევენ, შეუძლიათ დეკემბერში ჩასატარებელ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. 

ტესტირებაზე გამსვლელი 45 ქულა იყო. ვიცე-მერი აცხადებს, რომ 45 ქულა არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც 60-კითხვიანი ტესტიდან მერიის თანამშრომელმა უნდა დაძლიოს. მარგიშვილის თქმით, ტესტირების მაღალი ბარიერი დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რათა მერიის სისტემაში მაღალი სტანდარტები დანერგონ. 

ვიცემერის განცხადებით, "გამოცდაზე გასული თანამშრომლებიდან ტესტი 40%-მა ჩააბარა, რაც მისი შეფასებით, დაბალი მაჩვენებელი არ არის". 

"გამოცდების ეროვნული ცენტრის კომპეტენცია არ გახლავთ განსაზღვროს ან შეაფასოს, ბარიერი მაღალი იყო თუ დაბალი. ეს არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ გვინდა მაღალი სტანდარტები დავნერგოთ. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი ეს პროცესი მაღალ დონეზე ჩაატარა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ალექსანდრე მარგიშვილმა.

კომენტარები