საქართველოს ფოსტის მონოპოლია

ნადირაშვილი: ღარიბაშვილის კლანის კომპანია საქართველოს ფოსტის კონტრაქტორი იყო

ირმა ნადირაშვილი
news.ge

საარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, შპს ტოპ ტრანს სერვისი საქართველოს ფოსტის ქვეკონტრაქტორი კომპანია მაშინ გახდა, როდესაც მთავრობამ საქართველოს ფოსტის კანონში ცვლილებები შეიტანა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გადაცემა თეორემაში ისაუბრა. ნადირაშვილის ცნობით, აღნიშნული ცვლილებებით გადაზიდვების მონოპოლია საქართველოს ფოსტის ხელში გადადიოდა. მისივე განმარტებით, ტოპ ტრანს სერვისი სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც ღარიბაშვილ/თამაზაშვილი აკონტროლებენ. 


"დადგენილება, რომლის თანახმადაც მონოპოლია საქართველოს ფოსტის ხელში გადადიოდა მცირე ხნის განმავლობაში მოქმედებდა.ის შემდეგ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში და დროებით ამ დადგენილების მუშაობა შეჩერდა. სწორედ იმ დროს, ის შპს, რომელშიც პრემიერის ნათესავები პირდაირ იყვნენ ჩართულები და პირდაირ იყვნენ წილების მფლობელები, ამ მოკლე პერიოდში საქართველოს ფოსტამ აიყვანა ქვეკონტრაქტორად და  ეს კონტრაქტორი იქ ნამდვილად მუშაობდა და აწარმოებდა გადაზიდვებს. საქართველოს ფოსტაში ნამდვილად ვერ უარყოფენ რომ ეს კომპანია დაქირავებული ჰქონდათ და იყო მათი ქვეკონტრაქტორი" - განაცხადა გადაცემა თეორემაში ირმა ნადირაშვილმა. 

ნადირაშვილის თქმით, საქართველოს ფოსტისა და ფარული მოსმენების საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან მსგავსი მონოპოლიების შემოღებით ხელისუფლება მოქალაქეთა კონტროლს ცდილობს.

"ჩვენი ყველა წერილი ამიერიდან გაივლის საქართველოს ფოსტაში, როდესაც ისინი გახდებიან მონოპოლისტები. იქნება აბსოლუტურად დაუცველი და ხელმისაწვდომი, რომ ყველა წერილის შინაარსი გაიგოს ჯერ სუს-მა და შემდეგ თვითონ გადაწყვეტენ მივიდეს, თუ არა წერილი ადრესატამდე. დგას სხვა პრობლემებიც, ბევრი ადამიანი დარჩება უმუშევარი, აისახება ძალიან ცუდად საინვესტიციო გარემოზე. როდესაც ასეთი მსხვილი ინვესტორები აცხადებენ, რომ მათი ადგილი საქართველოს ბაზარზე აღარ რჩება, ეს არც საქართველოს ეკონომიკას გამოადგება არც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. მე ვთვლი, რომ ეს საკმაოდ რთული სიტუაციაა და პარლამენტში უნდა იყოს სერიოზული ბრძოლა, რომ ეს გეგმა არ მივიდეს ბოლომდე" - აღნიშნა ნადირაშვილმა.

საფოსტო სფეროს მონოპოზიციის შესახებ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხუთშაბათს 30 ოქტომბერს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პრემიერმინისტრსა და მის სიმამარს კორუფციულ გარიგებაში სდებს ბრალს.ღარიბაშვილი და თამაზაშვილი თავიანთი მონოპოლიური უფლების დელეგირებას რამდენიმე ქვეკონტრაქტორის მეშვეობით აპირებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი შპს ტოპ ტრანს სერვისია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის ფაქტი, რომ ტოპ ტრანს სერვისი წლების განმავლობაში იყო ქართუ ჯგუფის ოფიციალური გადამზიდავი.

კომენტარები