Doing Business

სააკაშვილი Doing Business-ის ანგარიშზე: ეს კიდევ უფრო მოგვისპობს პერსპექტივას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Doing Business-ის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. როგორც სააკაშვილი Facebook-ზე წერს, მისი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში საქართველო მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ბიზნესის სიმარტივის რეიტინგში, 127-ე ადგილიდან მე-8 ადგილზე დაწინაურდა.

"არცერთ ქვეყანას არ განუცდია მსგავსი პროგრესი ასეთ მოკლე დროში და ამიტომ საქართველოს მსოფლიო ბანკი აღიარებდა N1 რეფორმატორად მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის. მე ვამაყობდი ამ შედეგით, რომელმაც საქართველოს მოუტანა ბევრი ინვესტიცია და გააჩინა უფრო მეტი პერსპექტივა მომავლისთვის. საოცრად დამწყდა გული, როდესაც დღეს გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში საქართველოს პოზიციები თითქმის ორჯერ გაუარესდა მე-8-დან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა. ამ რეიტინგის მიხედვით, როგორც არცერთი ქვეყნის პოზიციები ასე არ გაუმჯობესებულა ბოლო 9 წელიწადში, როგორც საქართველოსი, ასე არცერთი ქვეყნის პოზიციები არ გაუარესებულა, როგორც საქართველოსი ჩემი პრეზიდენტობის ვადის გასვლიდან 1 წელიწადში. დაღმასვლა გვაქვს მსოფლიო კორუფციის Transparency International რეიტინგშიც, თუმცა ადრე ყოველ წელს ვიუმჯობესებდით მდგომარეობას. ეს არის პირდაპირი შედეგი წინა მთავრობის ჯინაზე გადადგმული გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯების. მეტიც, შარშან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგები იყო “სააკაშვილის სიცრუის შედეგი” და, მისივე თქმით, რუსების დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა. წელს საქართველოს მთავრობა ხელახლა წარსდგება დავოსში უკვე რეალურად მკვეთრად გაუარესებული მაჩვენებლით. სამწუხაროდ, ამ ყველაფრის ფასის გადახდა მოუწევს ქართველ ხალხს, რადგან ასეთ რეიტინგებში უკან დახევა გარდაუვლად კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და მოგვისპობს პერსპექტივას. საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება შემდგომი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად", - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციები გაუარესდა -  2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივით მეთოთხმეტედან მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის რეიტინგში საქართველო მერვე ადგილს იკავებდა, თუმცა, კრიტერიუმების ცვლილებების გამო, შეიცვალა წინა წლების მონაცემებიც და საქართველო მერვეს ნაცვლად მეთოთხმეტე ადგილზე აღმოჩნდა. Doing Business-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ წელს წინა წლებისგან განსხვავებით არცერთი ისეთი რეფორმა არ განახორციელა, რაც ანგარიშში მის რეიტინგს გააუმჯობესებდა.

Doing Business-ის ყოველწლიური ანგარიში მსოფლიო ბანკის გამოკვლევაა, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების წახალისებას და სხვადასხვა ქვეყანაში მეწარმეობის მხრივ არსებული ვითარების შესწავლას ისახავს მიზნად.

კომენტარები