ბრიდლავთან შეხვედრა

ირაკლი ღარიბაშვილი გენერალ ფილიპ ბრიდლავს შეხვდა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალს ფილიპ ბრიდლავს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო იმ არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია, რომელიც საქართველომ NATO-ს უელსის სამიტზე მიიღო.

"პრემიერმინისტრმა გენერალთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა აღნიშნული პაკეტის მნიშვნელობას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რისი ერთ-ერთი დასტურიც იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მონაწილეობა ISAF-ის და „გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში“. გენერალმა ბრიდლავმა საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრემიერმინისტრს მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე.

კომენტარები