სანდრო გირგვლიანის საქმე

მოსამართლემ მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა

Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე სამი წლით თავისუფლების აღკვთა მიუსაჯა. განაჩენი ცოტა ხნის წინ მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ).

ყოფილ პრემიერს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტის შესახებ კანონის შესაბამისად, მას ერთი მეოთხედი მოაკლდა და, საბოლოო ჯამში, მისი სასჯელი სამწლიანი პატიმრობით განისაზღვრა. პატიმრობის ათვლა განაჩენის გამოტანის მომენტიდან დაიწყო.

"წარდგენილი ბრალდების თანახმად: ივანე მერაბიშვილს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი ცნობის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, პირადი მოტივით. ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი მოხელის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით და აგრეთვე პირის დამამცირებელ და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 37  სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 73 და დაცვის 1 მოწმე. ბრალდებული ი. მერაბიშვილი უარს აცხადებდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობაზე, ხოლო ბრალდებულმა ვალერიან მეტრეველმა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე აეკრძალა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით" - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

რაც შეეხება ბრალდებულებს -  ვალერიან მეტრეველსა და გერონტი ალანიას, სასამართლომ ისინიც დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონისა”და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით,  საბოლოოდ 4 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 2 წლისა და 3 თვის ვადით აეკრძალათ სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებ. ამასთან, ისინი გამართლდნენ მოხელის მიერ ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების ფაქტზე, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათა ახალაიას და შინაგან საქმეთა ყოფილ მაღალჩინოსანს, ოლეგ მელნიკოვსაც აქვთ წარდგენილი, თუმცა მელნიკოვს აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, დათა ახალაიას საქმე კი მისი საბერძნეთიდან ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტამდე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. 

კომენტარები