დიასპორა

თბილისში გლობალური დიასპორის კვირეული გაიხსნა

Irakli Garibashvili official/Facebook.com

თბილისში გლობალური დიასპორის კვირეული გაიხსნა. ფორუმზე სიტყვით პრემიერმინისტრიც გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დიასპორის პოტენციალი მაქსიმალურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. 

"ჩვენი მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, რათა განავითარონ მეწარმეობა საკუთარ სამშობლოში. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ყველა პირობა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი დიასპორული ინვესტიციის მოსაზიდად", - განაცხადა პრემიერმა.

გლობალური დიასპორის კვირეულის გახსნაში მონაწილეობა მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიური კორპუსის წევრებმაც მიიღეს. მათ ქვეყნის ეკონომიკაში დიასპორის ჩართულობისა და ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ამერიკა, მოგეხსენებათ, ემიგრანტების ქვეყანაა და ალბათ ნიშანდობლივია ისიც, რომ როდესაც ემიგრანტი მიაღწევს წარმატებას თავის ახალ სამშობლოში, იგი ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს იმ ქვეყნის წარმატებაშიც, რომლიდანაც არის წარმოშობით. ეს კონფერენცია არის სისტემური ძალისხმევის ნაწილი, რომ მოხდეს ამ რესურსის მობილიზება", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

დღევანდელ კონფერენციაზე დიასპორის სამინისტროსა და ამერიკის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად მეწარმეობის წახალისებას ისახავს. ეკონომიკური ფორუმი 18 ოქტომბერს დასრულდება. 

კომენტარები