ზეწოლა მერიის თანამშრომლებზე

ნარმანია ხაბურზანიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერს პროვოკაციას უწოდებს

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის თანამშრომლების მიერ სამსახურის იძულებით გათავისუფლებასთან დაკავშირებულ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს პროვოკაციას უწოდებს. თანამშრომელ გიორგი ხაბურზანიას მიერ გავრცელებულ ჩანაწერში საუბარი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოქმედ ხელმძღვანელს, გეგი ნიჟარაძეს, მის მოადგილეს - დავით მედუაშვილსა და თავად ხაბურზანიას შორის მიმდინარეობს.

"შეიძლება, რაიმე სახის სამართალდარღვევა იყოს, ამიტომ სჯობს, საქმე საგამოძიებო უწყებებმა გამოიძიონ. გავეცანი საქმის მასალებს და ვაპირებ სათანადო ყურადღება მივაქციო, რომ შემდეგში მსგავსი რამ არ განმეორდეს. ეს არის წინასწარ მომზადებული პროვოკაცია, ამიტომ პასუხი ორივე მხარემ უნდა აგოს", - აღნიშნა ნარმანიამ.

მერიის თანამშრომელი გიორგი ხაბურზანია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე ზეწოლაში გეგი ნიჟარაძეს ადანაშაულებს. ნიჟარაძე ხაბურზანიასთან საუბარს ადასტურებს, თუმცა, მისი თქმით, ზეწოლასა და სამსახურის დატოვებაზე საუბარი არ ყოფილა.

"საუბარი იყო, ამ საუბარს პირადად ვესწრებოდი, მაგრამ ზეწოლაზე და სამსახურიდან წასვლაზე საუბარი არ გვქონია. ფრაზა "შენი სამსახური უშენოდ უკეთესად იქნება“ ჩანაწერში ვერ მოვისმინე. სამწუხაროდ, ჩანაწერი ბოლომდე არ მინახავს. რაც შეეხება კურსს, წინა ხელისუფლების პერიოდში მიმდინარეობდა შერჩევით ადამიანების გარჩევა კანონთან მიმართებაში და სწორედ ამაზეა საუბარი", - ამბობს ნიჟარაძე.

კომენტარები